საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში ქართველ სამხედროებს შეხვდა. პრეზიდენტთან ერთად ავღანეთში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია იმყოფებოდნენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე ჩავიდა და მშვიდობისმყოფელებს შეხვდა. ასევე პატივი მიაგო დაღუპულ ქართველ სამხედროებს.

"როგორც მთავარსარდალსა და რიგით ქართველს მეამაყება, რომ ყველა აღნიშნავს ჩვენი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმსა და თავდადებას", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საოკუპაციო ხაზთან ყოფნის დროს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი პირველი ვიზიტი ავღანეთში იქნებოდა. პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.