შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით კასპში 60 წლის კაცი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება მეზობელი არასრულწლოვნის მიმართ საკუთარ სახლში ჩაიდინა. მათივე თქმით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 116 პირი ამხილეს. უწყებაში ამბობენ, რომ მათ შორის 4 პირი გაუპატიურებაში, 24 გარყვნილ ქმედებაში, 2 სხვაგვარი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში, 86 კი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში ამხილეს.