"დახურე დუქანი, აამუშავე კომიტეტი", "კილაძე ებრძვის უფლებადამცველებს", — ეს ნაწილია იმ სლოგანებისა, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ისმოდა. თანასწორობის მოძრაობა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის უკანა ეზოში შეიკრიბენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს.

"ის ხშირად ესხმის თავს ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის თავად ადამიანებს, რომლებიც ჩაგვრას განიცდიან ჩვენს ქვეყანაში მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი სეგრეგაციას აკეთებს და ამბობს, რომ ზოგიერთს დაიცავს, ზოგიერთს — არა. თითქოს ეს ყველაფერი მის შეხედულებაზე იყოს", — განაცხადა უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ კილაძე მმართველი პარტიის მარიონეტია და მხოლოდ მათ ინტერესებს ატარებს. მათი თქმით, ლგბტ თემის მიმართ ინდეფერენტული დამოკიდებულებით ის ახალისებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებს. სწორედ ამას ასახავდა სამოქალაქო აქტივისტის, ნინო ბოლქვაძის პლაკატი.

"ფოტოზე გამოსახული არის სოფო კილაძე ანუ ხელისუფლება, რომელიც ძუძუს აჭმევს, ზრდის, ასაზრდოებს ულტრამემარჯვენე ძალებს, ამ შემთხვევაში გია კორკოტაშვილის სახით", — განმარტა ბოლქვაძემ.

აქტივისტების თქმით, სოფო კილაძე არათუ მოკავშირეა უფლებადამცველებისა, პირიქით, "ზიზღს გამოხატავს და თავს ესხმის სხვადასხვა ჯგუფებს". ამ მიზეზების გამო, მათ მოითხოვეს მმართველი პარტიისგან კილაძის ქცევების დაგმობა და მისი გათავისუფლება.

საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით On.ge კილაძესაც გაესაუბრა. მან უარი თქვა აქციის შეფასებაზე და განაცხადა, რომ აქტივისტებს უფლება აქვთ გააპროტესტონ რაც სურთ. თუმცა აღნიშნა, რომ არ არსებობს არგუმენტები, რომლითაც ისინი მის გადადგომას ითხოვენ და ეს მხოლოდ მოსაზრებებია.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 2019 წლის 4 თებერვალს კომიტეტის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაზე კილაძემ უხეში ფორმით შენიშვნა მისცა და სიძულვილის ენა გამოიყენა უფლებადამცველების წინააღმდეგ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამოქალაქო საზოგადოება კილაძის გადადგომას ითხოვს. აქამდე არასამთავრობოები უპირისპირდებოდნენ კილაძის ინიციატივებს გამოხატვის, უმცირესობების უფლებებსა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. საპროტესტო აქცია მის წინააღდეგ პარლამენტთან 2018 წელსაც გაიმართა.