ახლა, როდესაც კანადასა და აშშ-ს ათ შტატში მარიხუანა ლეგალურია, კომპანიები მისი მომხმარებლამდე მიტანის ახალ-ახალ კრეატიულ გზებს ეძებენ.

ხელი დაადეთ ნებისმიერ საკვებს და თქვენ აუცილებლად იპოვით კომპანიას, რომელიც ამ საკვების მარიხუანით გამდიდრებულ ვერსიაზე მუშაობს. იქნება ეს შვრიის ფანტელები, ჟელიბონი, საღეჭი რეზინი, ნაყინი, შოკოლადის პასტა, ლიმონის ნამცხვარი თუ სხვა ნებისმიერი რამ.

თუმცა აღნიშნული ტრენდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განვითარება სასმელი მარიხუანის შექმნაა, რაც სინამდვილეში იმაზე უფრო ძნელია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ამჟამად მარიხუანის ლუდის შეძენა კალიფორნიაში უკვე შესაძლებელია. Two Roots Brewing-მა ერთი კვირის წინ მსოფლიოში მარიხუანის პირველი უალკოჰოლო ლუდი შექმნა. კომპანიის თქმით, სასმელში არსებული მარიხუანა მოქმედებას დალევიდან სულ რაღაც 10 წუთში დაიწყებს. თრობის ეფექტი კი დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდება.

გასაკვირი არ არის, რომ ლუდის ინდუსტრია მარიხუანაზე გადასვლას ცდილობს. ახლახან ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ შტატებში, სადაც სამედიცინო მარიხუანა ხელმისაწვდომია, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 15%-ით შემცირდა. Bloomberg-ზე დაყრდნობით, 2022 წლისთვის მხოლოდ აშშ-ში მარიხუანის შემცველი სასმელების ბიზნესის ღირებულება $600 მილიონს გადააჭარბებს.

მარიხუანის ლუდის წარმოების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მარიხუანა წყალში არ იხსნება. ეს ნიშნავს, რომ სასმელი მარიხუანით თრობის მდგომარეობის მიღწევას დიდი დრო სჭირდება. Two Roots Brewing-მა ეს პრობლემა ნანო-ემულსიფიკაციის ტექნოლოგიით გადაჭრა. ამის საშუალებით სასმელში "მარიხუანის მოლეკულები" უფრო თანაბრად ნაწილდება და მას ორგანიზმიც უფრო ადვილად ითვისებს. სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მარიხუანის ლუდი მოქმედებას დალევიდან ათ წუთში იწყებს.

დიდი ალბათობით, სულ მალე, მარიხუანის ლუდი ადვილად ხელმისაწვდომი და პოპულარული სასმელი გახდება, იმ ქვეყნებსა და შტატებში მაინც, სადაც მარიხუანის მოხმარება დაშვებულია.