განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ია კერზაიას საქმეზე ევროპული საქართველოს ვიდეოექსპერიმენტს პასუხობს. მინისტრის თქმით, მას აქვს დეჟა ვუს შეგრძნება, რომ ცხრა წლის წინ ცხოვრობს.

"მაქვს დეჟა ვუს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი შეურაცხყოფა, ის ტყუილი, ის მონტაჟი და იმ მონტაჟზე აგებული ცილისწამება, რომ მე ვცხოვრობ ცხრა წლის წინ. მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რისთვისაც მინდა გადავუხადო ქართულ ოცნებას, როდესაც აქედან გავალ აღარ ვიცხოვრებ ცხრა წლის წინ. ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ასეთ ადამიანებისვისაც აზრის გამოთქმის უფლება აქვთ", — აღნიშნა მინისტრმა და მოუწოდა ევროპულ საქართველოს ვიდეო ბოლომდე გამოაქვეყნონ.

მინისტრ ბატიაშვილს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში ერთ დღეზე მეტია უსმენენ. საპარლამენტო უმცირესობამ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გაამახვილა ყურადღება.

8 თებერვლის სესიაზე დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ სამინისტროს კანცელარიაში წერილის მიღებისთვის ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ აინტერესებდათ მიიღებდა თუ არა კანცელარია ანონიმურ წერილს სახელი-გვარის და ფიქტიური მისამართის, თუმცა პირადი ნომრის მითითების გარეშე, როგორც ეს კერზაიას შემთხვევაში მოხდა. ვიდეომასალაში, რომელიც კაპანაძემ წარადგინა, კანცელარიის თანამშრომელი ამბობს, რომ წერილის ჩაბარებისთვის პირადი ნომერიც აუცილებელია.

გუშინ, 7 თებერვალს მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებმა, სერგი კაპანაძემ და ოთო კახიძემ მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, სამინისტროს რესურს ცენტრმა კერზაიაზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინა. მათივე თქმით, კერზაიამ მორალურ წნეხს ვერ გაუძლო და ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.