განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ოპოზიციის წევრების გუშინდელი განცხადებები გააკრიტიკა. ჯაშმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე "ექსპრესიული და ემოციური გამოსვლა" შეუფერებელია.

მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ საკითხს არამხოლოდ აკრიტიკებენ, არამედ ტრაგედიას პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ. ჯაშმა მოუწოდა ოპონენტებს მაქსიმალურად დისტანცირდნენ საკითხისგან და იმაზე ისაუბრონ, რაც რეალობასთან ახლოს არის.

გუშინ, 7 თებერვალს საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს უსმენდნენ. სხდომაზე ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმე განიხილეს.

სხდომის მიმდინარეობისას ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, სერგი კაპანაძემ და ოთო კახიძემ მინისტრი ტყუილში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, სამინისტროს რესურს ცენტრმა კერზაიაზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინა. მათივე თქმით, კერზაიამ მორალურ წნეხს ვერ გაუძლო და ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

სხდომაზე განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ კერზაიას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას "მორალური პრინციპებით" იხელმძღვანელა.

"ჩვენ გვქონდა ყველანაირი იურიდიული საფუძველი გარდა მორალურისა, რომ ქალბატონი ია გაგვეთავისუფლებინა", — განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დეპუტატების წინაშე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი ზუგდიდი სკოლის სავარაუდო დარღვევებზე აუდიტმა დაადასტურა. მისივე თქმით, ამ საქმის შემდეგ, მზადაა საარჩენო პერიოდში ინსპექტირებისა და აუდიტის მორატოიუმი გამოცხადდეს, როგორც ერთგვარი "დაზღვევა".

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.