ევროპულ რობოტს, რომელიც მარსზე მომავალ წელს გაემგზავრება, ცნობილი ქიმიკოსის, როზალინდ ფრანკლინის სახელი დაერქმევა, რომლის ნაშრომებზე დაყრდნობითაც დნმ-ის ორმაგი სპირალის აღმოჩენა მოხდა.

2018 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ რობოტის სახელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, მიღებული 36 000 სახელიდან კი ერთი, როზალინდ ფრანკლინი შეირჩა.

1953 წელს ბრიტანელმა ქიმიკოსმა როზალინდ ფრანკლინმა დნმ-ს რენტგენი გადაუღო, რის შედეგადაც გაჩნდა პირველი მონაცემები, რომლებიც დნმ-ის სპირალურ ბუნებაზე მიუთითებდა. ფრანკლინი ხუთი წლის შემდეგ, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების განმავლობაში მეცნიერებაში მისი სახელი უგულებელყოფილი იყო, თუმცა ეს ნელ-ნელა იცვლება.

"მახსოვს, ფრანკლინს ერთ დღეს საავადმყოფოში ესტუმრე, ის კი ძალიან გახარებული დამხვდა, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ საბჭოთა თანამგზავრი სპუტნიკი ორბიტაზე გავიდა. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 60 წლის შემდეგ მისი სახელობის ხომალდს მარსზე გავგზავნიდით. ეს ყველაფერი ამ პროექტს განსაკუთრებულს ხდის", - აცხადებს ფრანკლინის და ჯენიფერ გლინი.

მისია ExoMars-ს ევროპული კოსმოსური სააგენტო და რუსული როსკოსმოსი ხელმძღვანელობს. ExoMars სამი ხომალდისგან შემდგარი მისია უნდა ყოფილიყო: მარსის თანამგზავრი, მარსმავალი და სტაციონარული რობოტი, რომელსაც Schiaparelli ერქვა. Schiaparelli და თანამგზავრი მარსისაკენ 2016 წელს გაეშვა, თანამგზავრი მარსის ორბიტაზე წარმატებით განთავსდა, თუმცა სტაციონარული რობოტი Schiaparelli მარსზე ავარიულად დაეშვა და განადგურდა.

ევორპული კოსმოსური სააგენტო იმედოვნებს, რომ როზალინდ ფრანკლინის მისია წარმატებული იქნება. ეს ექვსბორბლიანი, მზის ელემენტებით აღჭურვილი მარსმავალია, რომელზე მუშაობაც ამჟამად დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. რობოტი სპეციალური ბურღით იქნება აღჭურვილი, რომელიც მარსის ზედაპირის ქვეშ თითქმის ორი მეტრის სიღრმეზე ჩააღწევს. მასზე დამონტაჟებული იქნება კამერები და რადარიც, ისევე როგორც პატარა ლაბორატორია, რომელშიც ქვის ნიმუშები გააანალიზდება. რობოტი მისია მარსზე სიცოცხლის ნიშნების მოძებნაა.

თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, რობოტი 2020 წელს გაეშვება, მარსს კი ის 2021 წელს მიაღწევს.