Google საკუთარი ბრაუზერისათვის ბნელი რეჟიმის გამოშვებას გეგმავს. 9to5Google ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბნელი რეჟიმი macOS-ისა და Windows 10-ის მომხმარებელთათვის მალე ხელმისაწვდომი გახდება.

აღნიშნული სიახლის შესახებ Google Chrome-ის საცდელ ვერსიაში, Canary-ში დამატებული ფუნქციების საფუძველზე გახდა ცნობილი. საცდელ ვერსიაში ბრაუზერი ფერს იმის მიხედვით იცვლის, თუ რა რეჟიმზე გაქვთ დაყენებული თქვენი ოპერაციული სისტემა - ბნელზე თუ ნათელზე.

ამჟამად ბოლომდე ცნობილი არ არის, თუ როგორ წარადგენს გუგლი ახალ რეჟიმს. Chrome Canary-ში აღნიშნული ფუნქცია ჯერჯერობით კვლავ შეფერხებებით მუშაობს.

ბნელი რეჟიმის ჩართვის შემდეგ ქრომის მენიუები, ტაბები, ფანჯრის საზღვრები და საწყისი გვერდიც კი, მუქი ფერის ხდება. სავარაუდოდ, აღნიშნულ სიახლეს გუგლი Chrome-ის 74-ე განახლებაში დაამატებს, რომლის გამოშვებაც აპრილისთვისა დაგეგმილი.

ბოლო თვეებია აპლიკაციებსა და ოპერაციულ სისტემებში ბნელი რეჟიმი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ ბნელი რეჟიმი YouTube-საც დაემატა. ბნელი რეჟიმები განსაკუთრებით ეფექტური OLED ტექნოლოგიის ეკრანის მქონე სმარტფონებისთვისაა, რადგან ამ შემთხვევაში "შავი" პიქსელები უბრალოდ გამორთულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი ენერგიას არ მოიხმარენ, ეს კი სმარტფონის ელემენტის ხანგრძლივობაზე დადებითად აისახება.

ბნელი რეჟიმები ასევე ნაკლებად ღლის თვალს, ტექსტის კითხვას კი აადვილებს. თუმცა ამ უპირატესობების გარეშეც კი, უამრავ ადამიანს მუქი ფერი, თეთრთან შედარებით, უბრალოდ უფრო მეტად მოსწონს.