ფუტკრებს შესაშური უნარები გააჩნიათ. ისინი იმ ნათესებისა და მარცვლეული კულტურების, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, მესამედის დამტვერვაზე ექსკლუზიურად არიან პასუხისმგებელნი. ფუტკრები ერთმანეთთან კომუნიკაციას სპეციალური ცეკვის საშუალებით ამყარებენ, მათ შეუძლიათ ერთმანეთს აუხსნან და მიასწავლონ, თუ სად და რამდენად შორს არის გემრიელი ყვავილები. გარდა ამისა, ისინი უგემრიელეს თაფლსაც აკეთებენ. ახლა კი ამ სიას მარტივი არითმეტიკაც დაემატა.
ავსტრალიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფუტკრებს მიმატება და გამოკლება შეუძლიათ. წინამორბედი კვლევით კი ისიც ცნობილია, რომ მათ რიცხვი ნულის არსი ესმით. როგორც ჩანს, პატარა ტვინი მათემატიკური უნარების ქონას ხელს სულაც არ უშლის.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

"ჩვენი კვლევები მიუთითებს, რომ რიცხვითი აზროვნება შესაძლოა ცხოველთა სამყაროში იმაზე უფრო გავრცელებული იყოს, ვიდრე ჩვენ გვგონია. არითმეტიკული დავალებების შესასრულებლად საჭიროა, რომ გარკვეული მათემატიკური წესები გრძელვადიან მეხსიერებაში იყოს დამახსოვრებული, თავად მიმატება-გამოკლებისას კი მოკლევადიანი მეხსიერებაა საჭირო, რათა მოცემული რიცხვების მანიპულირება მოხდეს. ჩვენმა ფუტკრებმა მინუსისა და პლუსის სიმბოლოების ამოცნობაც ისწავლეს, თანაც, არა უბრალოდ ამოცნობა, არამედ მათ ამ ნიშნების შინაარსიც აღიქვეს", - აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი ადრიანა დაიერი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 14 თავისუფლად მფრენი ფუტკარი გაწრთვნეს. მათ Y-ის ფორმის ლაბირინთთან მიფრენა ასწავლეს, ლაბრინთის შესასვლელში კი ლურჯი და ყვითელი გეომეტრიული ფორმები იყო წარდგენილი, ლურჯი ფორმები მიმატებას გამოხატავდა, ყვითლები კი გამოკლებას.

4-7 საათისა და დაახლოებით ასი ცდის შემდეგ, ფუტკრებმა ისწავლეს, რომ ლურჯი ფორმები პლუს ერთს, ყვითლები კი მინუს ერთს ნიშნავდა.

ფოტო: Science Advances

თუ ლაბირინთის შესასვლელთან არსებული ფორმები ყვითელი იყო, მათ ამ ფორმების რაოდენობისთვის ერთი უნდა გამოეკლოთ, თუ ფორმები ლურჯი იყო, მაშინ მათ ერთი უნდა დაემატებინათ. ლაბირინთის შემდეგ ეტაპზე კი ისინი არჩვანის წინაშე დგებოდნენ, მათ ან ერთით მეტი ფორმის გამომხატველი მხარე უნდა აერჩიათ, ან ერთით ნაკლების. სწორი გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ლაბირინთისგან გემრიელ შაქარს იღებდნენ, არასწორი პასუხისას კი მწარე ქინაქინას. ცდების განმავლობაში ფუტკრები ნელ-ნელა სწორ პასუხს უფრო და უფრო ხშირად ირჩევდნენ.

მეცნიერებს სურდათ გადაემოწმებინათ, მართლა ესმოდათ თუ არა ფუტკრებს მათი მიღებული გადაწყვეტილებების არსი, ამის გამო მათ ახალი ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც ფუტკრებს არც შაქარს აძლევდნენ და არც მწარე ქინაქინას. თანაც, ამჯერად ისინი სწორი და არასწორი პასუხის მხარეებს მუდმივად ცვლიდნენ.

საბოლოოდ, ექსპერიმენტის შედეგად, 14-მა ფუტკარმა დავალებას თავი წარმატებით შემთხვევების 68%-ში გაართვა.

აღნიშნული კვლევა შთამბეჭდავია, ის ცხადყოფს, რომ ცხოველებს ხშირად იმაზე რთული და კომპლექსური დავალებების შესრულება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ გვგონია, თანაც, აშკარაა, რომ ტვინის ზომაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ იყენებ მას.