საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მასობრივად გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მობილიზებულია სამინისტროს და მეგობარი უწყებების რესურსები.

მისი თქმით, კიბერდანაშაულის გამოძიების საქმეში შესაძლოა უცხოელი პარტნიორებიც ჩაერთონ.

"მინდა გითხრათ, რომ გამოძიება გრძელდება. ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ჩვენ თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველ წყაროს მივაგნოთ", — განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ფარული კადრების გავრცელება იმდენად მძიმე ჩამონათვალია, რომ რანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არ ექნება სხვაობა გავრცელებას, პირველწყაროს და შენახვას შორის.

"როგორც კი ჩვენ აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში ჩვენ გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ", —განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარული კადრების გავრცელების შესახებ 28 იანვარს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო. აღნიშნულს გამოეხმაურა თვითონ ბესელიაც და თქვა, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობს. ღია წერილში მან მოუწოდა ქალებს პოლიტიკაში მოვიდნენ და არსებული რეალობის შესაცვლელად იბრძოლონ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ინტერნეტში პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეა საუბარი. 2016 წლის 11 მარტში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა და ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. მალევე, 14 მარტს მუქარის შემცველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეომასალა მოქმედი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი არ დატოვებდნენ თანამდებობებს.