პარლამენტის დეპუტატი პატრიოტთა ალიანსიდან გიორგი ლომია ითხოვს, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიის საგანი შემოიღონ. როგორც დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე თქვა, ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლეებმა ყველა რელიგიის ისტორია უნდა ისწავლონ და იცოდნენ საქართველოს ისტორიაში რომელ რელიგიას რა როლი უთამაშია.

"მე შეგნებულად არ გამოვყოფ მართლმადიდებლობას, რათა კოლეგებმა არ თქვან, რომ სხვა რელიგიების დისკრიმინაციას ვცდილობ. დღეს ვინც ნეოლიბერალურ დოქტრინას ფეხდაფეხ არ მიჰყვება ყველა ბნელ ადამიანად ცხადდება, მინდა გთხოვოთ, ნუ შეგეშინდებათ სიბნელის თუ ბოლო მაინც ნათელია. ნუ დაუკარგავთ ჩვენს ეკლესიას იმ ღვაწლსა და როლს საქართველოს ისტორიაში და, ამავდროულად, არ დაარღვიოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი", — მიმართა დეპუტატმა განათლების მინისტრს.

განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის.