სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრების სოციალური მუშაკების აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტის ნიშნად სამსახურს ტოვებს. შესაბამისი მოთხოვნით განცხადებები უკვე დაწერილია. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, ჯამში, 9 სოციალურმა მუშაკმა მიიღო.

სოციალურ მუშაკების საინიციატივო ჯგუფი წერს, რომ ბოლო პერიოდში 4 სოციალური მუშაკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებამ და შესაბამისი კადრებით ვერ/არ ჩანაცვლებამ, ბოლო თვის მანძილზე გაორმაგებულმა მომართვიანობამ სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია.

"დამსაქმებელს არ მიუღია რაიმე ეფექტური ზომა კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან მის მყისიერად მოსაგვარებლად. შესაბამისად გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრის სოციალური მუშაკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაწერა პირადი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე", — ნათქვამია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, სისტემა უდიდეს კრიზისშია, რომელსაც დღემდე არ აღიარებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის, ეთერ ცხაკაიას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია გლდანი-ნაძალადების სერვის-ცენტრის სოციალურ მუშაკებს შეხვდნენ.

"ეს პრობლემები ჩვენთვის იდენტიფიცირებულია და ვიცით. ჩვენ ვმუშაობთ მათ მოსაგვარებლად", — განუცხადა On.ge-ს ეთერ ცხაკაიამ.

მისი თქმით, სოციალური მუშაკების ასეთი რეაქცია 4 წლის ნინოს გარდაცვალებამ გამოიწვია. თუმცა ის ხაზს უსვამს, რომ სოციალური მუშაკების პრობლემები ამ საკითხისგან უნდა გაიმიჯნოს, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეცდომები იყო დაშვებული.

"ამ ხარვეზებთან დაკავშირებით ჩვენ სამინისტროსთან ერთად დაწყებული გვაქვს მუშაობა. იმისთვის, რომ შეგვეფასებინა სოციალური მუშაობის პრაქტიკა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა კვლევა განახორციელეს, გაიწერა რეკომენდაციები, რომელიც მოიცავს სოციალური მუშაკების გრძელვადიან და მოკლევადიან რეფორმას. ერთბაშად უცებ ყველაფერი ერთად სამწუხაროდ ვერ გაკეთდება", — განაცხადა ეთერ ცხაკაიამ.

მისი თქმით, უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები, რათა შეივსოს ადგილები სერვის-ცენტრებში. მისი თქმით, სააგენტო ყველანაირად ეცდება, რომ მათ სხვა რაიონის სოციალური მუშაკები დაახმარონ.

"პროცედურებია და გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა მაქსიმალურად მალე ავიყვანთ კადრებს და ასევე დავახმაროთ მათ მეგობარ კოლეგებს სხვა სერვის-ცენტრებიდან".

გლდანი-ნაძალადევის სოციალური მუშაკის ნინო სიხუაშვილის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომ გლდანი-ნაძალადებისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრებში სოციალურ მუშაკებს თბილისის სხვა რაიონების სერვის-ცენტრებიდან გადაანაწილებენ. მისი თქმით, ამ სერვისცენტრებში გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო მისვლა არავის უნდა.

ამავე თემაზე: