ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები რეორგანიზაციის საკითხზე უნივერსიტეტის რექტორთან, გიგა ზედანიასთან და აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მოთხოვნის შესასრულებლად ერთ საათს იძლევიან. მათი სხვა მოთხოვნებია ლექტორების მხარდაჭერა და გიორგი ქადაგიძის აქციაზე მისვლა.

სტუდენტების ნაწილმა გადაცემა არჩევანში გიგა ზედანიასა და გიორგი ქადაგიძის დებატებზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, რექტორმა დებატების დროს ბევრი ტყუილი თქვა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტისთვის ცვლილებები და ძირეული სიახლეები მიუღებელია და თანამდებობიდან მოხსნეს.

"პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს "მომზადებული" ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი", — განმარტავს ქადაგიძე.

უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას თქმით, სტრუქტურული რეფორმაში მონაწილეობაზე გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა. უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტი მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი შეიქმნა, რომლის ნაწილიც ბიზნესსკოლა გახდა.

"გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა." ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია", — წერს ზედანია.

ამის შემდეგ, ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა, რომ გიორგი ქადაგაძის მხარდაჭერის გამო ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძემ რეორგანიზაციის გასაუქმებლად უნივერსიტეტს 24 საათი მისცა.

"ბიზნესის სკოლა არის ბიზნესის სკოლა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადასაწყვეტი საკითხები. არ გვჭირდება დამატებით სხვა პროგრამები, რომლებიც მხოლოდ სირთულეს წარმოადგენს", — ამის შესახებ ქადაგიძემ ილიაუნიში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გარდა ამისა, მან ადმინისტრაციისგან მოითხოვა, რომ უნივერსიტეტის ფინანსები გახდეს გამჭვირვალე.

ამავე თემაზე: