სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ სპორტსმენი სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლი გახდა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არსებობს რეალური საფრთხე, დათუნაშვილის "საკმაოდ თამამი" და "სწორი განცხადებების" გამო იგი ფედერაციის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებას დაექვემდებაროს. სახალხო დამცველი ზურა დათუნაშვილს დღეს, 6 თებერვალს შეხვდა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"მე მისგან მოვისმინე საინტერესო ინფორმაციაბი და მრჩება შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაციაა ჭიდაობის ფედერაციაში, როგორც სპორტსმენების მიმართ, ასევე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის თვალსაზრისით".

შეხვედრის შემდეგ დათუნაშვილმა თქვა, რომ ომბუდსმენი სიტუაციაში უფრო მეტად გარკვევას დაპირდა:

"მე გულწრფელად მოვუყევი და მივიღე უდიდესი მხარდაჭერა".

დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. ვიდეომასალის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტში ხელში რაღაც ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამ ფაქტის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, გეგა გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.