სერიალი დაკარგულები შესაძლოა ჩვენს ტელეეკრანებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, ყოველ შემთხვევაში, მისი თავიდან გადაღების დიდი სურვილი აქვს ABC-ის გართობის ახალ პრეზიდენტს კერი ბურკს.

როგორც მან ჯიმი კიმელთან საუბრისას თქვა, ამერიკულ ტელევიზიაში ახალი გეგმები და მიზნები აქვს. მისი თქმით, სურს, რომ ABC-ის გართობის ნაწილი ისეთ შოუებზე ფოკუსირდეს, როგორებიც იყვნენ დაკარგულები, სასოწარკვეთილი დიასახლისები და სხვა საკულტო სერიალები.

შოუს ფარგლებში გასულ კადრებში ჩანდა ის მომენტი, რომელშიც დაკარგულების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ჯეკი ცნობილ ფრაზას ამბობს:

"უკან უნდა დავბრუნდეთ".

ფოტო: Fox

სწორედ ამ კადრმა მიიქცია კიმელის ყურადღება. კითხვაზე, იყო თუ არა ეს რამე მინიშნება, ბურკმა უპასუხა:

"ეს სწორედ ისაა, რისი განახლებული ვერსიის ნახვაც მსურს".

მოგვიანებით, ბურკმა The Hollywood Reporter-ს უთხრა, რომ სერიალის თავიდან გადაღებაზე კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს.

"ამაზე ჯერ არ მისაუბრია ABC-ის სტუდიასთან, არც აღმასრულებელ პროდიუსერთან და ჯეი ჯეი აბრამსთან. თუმცა, როცა მეკითხებიან, რომელ სერიალს დავაბრუნებდი, ჩემი პასუხია დაკარგულები და ჯაშუში (Alias). ყოველთვის მიხარია ამაზე საუბარი".

კადრი სერიალიდან ჯაშუში

ფოტო: ABC

თუ ABC-ის ახალი პრეზიდენტის გეგმა განხორციელდა, მას ახალი აღმასრულებელი პროდიუსერის პოვნა შესაძლოა დასჭირდეს, რადგან კარლტონ კიუზმა [დაკარგულების აღმასრულებელი პროდიუსერი] 2017 წელს განაცხადა, რომ დაკარგულების გაგრძელებაში მონაწილეობის სურვილი არ აქვს.