ტეხასში კაცს ელექტრო სიგარეტის აფეთქების შედეგად გასროლილმა ნამსხვრევებმა საძილე არტერია დაუზიანა, რის შედეგადაც ის ინსულტით დაიღუპა.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უილიამ ბრაუნი ფორტ ვორთის საავადმყოფოში 29 იანვარს გარდაიცვალა. აფეთქება 27 იანვარს, ელექტრო სიგარეტების მაღაზიის გარეთ, ავტოსადგომზე მოხდა.

სასწრაფო დახმარება აფეთქების შემდეგ მაღაზიის მენეჯერმა გამოიძახა. მისი თქმით ბრაუნი თავდაპირველად მაღაზიაში შევიდა, თუმცა მას არაფერი უყიდია. მაღაზიის მენეჯერი აცხადებს, რომ ისინი ამ კონკრეტული ბრენდის ელექტრო სიგარეტებს არ ყიდიან.

აფეთქების შემდეგ ბრაუნი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის ხელოვნურ კომაში მოათავსეს, რენტგენოლოგიური კვლევით კი გაირკვა, რომ მას ყელში ელექტრო სიგარეტის ერთ-ერთი ნაწილი ჰქონდა გაჭედილი.

საავადმყოფოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე დამატებითი ინფორმაციის გავრცელების უფლება ამ ეტაპზე არ აქვს.

2009-დან 2016 წლამდე აშშ-ში ელექტრო სიგარეტებთან დაკავშირებული 195 აფეთქებისა და ცეცხლის გაჩენის შემთხვევაა დაფიქსირებული.

2018 წლის მაისში ფლორიდაში, კერძოდ კი სენტ-პიტერსბერგში, ელექტრო სიგარეტის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.