NASA-ს მეცნიერები მსოფლიოს უახლეს კუნძულს ეწვივნენ და აღმოაჩინეს, რომ სამი წლის კუნძული გაურკვეველი წარმოშობის ტალახითა და მცენარეულობითაა დაფარული. ყველაფერთან ერთად, კუნძულზე ფეხი ჩიტებმაც მოიკიდეს.

ვულკანური კუნძული ტონგასთან ახლოს ოკეანეში დახლოებით სამი წლის წინ წარმოიშვა, ეს იმ სამ კუნძულს შორის ერთ-ერთია, რომელიც ბოლო 150 წელიწადში წარმოიშვა და რამდენიმე თვეზე მეტ ხანს გაძლო.

NASA-ს მეცნიერებს აღნიშნულ კუნძულზე მოხვედრის დიდი სურვილი ჰქონდათ, რადგან კუნძულების წარმოშობის პროცესის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამაა უცნობი. კუნძულის თანამგზავრული სურათებით შესწავლის შემდეგ ოქტომბერში, მეცნიერების გუნდი კუნძულს პირადად ეწვია.

კუნძული 2015 წელს წარმოიშვა, მას ოფიციალური სახელწოდება კვლავ არ გააჩნია, თუმცა მას არაოფიციალურად ჰუნგა ტონგა-ჰუნგა ჰა'აპაიდ მოიხსენიებენ ხოლმე.

ნასას გოდარდის კოსმოსური ცენტრის მეცნიერმა დენ სლეიბეკმა და მისმა გუნდმა კუნძულზე დაშვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ კუნძული არა შავი ქვიშით იყო დაფარული, როგორც ეს თანამგზავრებიდან ჩანდა, არამედ პატარა კენჭებით, რაც კუნძულზე გადაადგილებას ართულებდა.

კუნძულზე არსებული მცენარეები ფესვების განვითარების პროცესში იყვნენ, მათი თესლები კი უკაცრიელ კუნძულზე დიდი ალბათობით ფრინველების დახმარებით მოხვდა. გუნდმა კუნძულზე დაბანაკებული ერთი ბუხრინწა და ასეულობით მეთოვლიაც აღმოაჩინა.

ფოტო: NASA

მეცნიერებს კი ყველაზე მეტად კუნძულზე აღმოჩენილი ტალახი აკვირვებთ, ჯერჯერობით გაურკვეველია მისი წარმოშობა და შემადგენლობა.

"თანამგზავრულ ფოტოებში ღია ფერის ნივთიერება ჩანს, რომელიც თიხის შემცველი ტალახია. ის ძალიან წებოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ტალახი ახლოდან ვნახეთ, ჯერ მისი შემადგენლობა და წარმომავლობა კვლავ არ ვიცით. აღსანიშნავია, რომ ის ვულკანის ფერფლისაგან არ შედეგბა", - აცხადებს სლეიბეკი.

ფოტო: Dan Slayback

ანალიზისათვის მეცნიერებმა ქვის ნიმუშები შეაგროვეს, კუნძულის გეოგრაფიული მახასიათებლების შესასწავლად კი მაღალი სიზუსტის GPS-ის დანადგარი და დრონი გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც კუნძულის სამგანზომილებიანი რუკა შეიქმნება. სლეიბეკი და მისი გუნდი კი კუნძულზე დაბრუნებას მომავალ წელს გეგმავს.

მეცნიერთა თქმით, კუნძულმა შესაძლოა 30 წლის განმავლობაში იარსებოს, შემდეგ კი მას ოკეანე სავარაუდოდ ისევ ჩაყლაპავს.