ერთ-ერთი რუსული გამოცემა, რამბლერ/ფინანსი ამტკიცებს, რომ საქართველო დათანხმდა საბაჟო ტერმინალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ე.წ. სამხრეთის საზღვრებთან განათავსოს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსგავსი ქმედება ორივე რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

სტატიაში საუბარია 2011 წლის რუსეთ-საქართველოს შეთანხმებაზე, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს შეეხება. შეთანხმების მიხედვით, ჩამოყალიბდა სამი სავაჭრო დერეფანი: ადლერი-ზუგდიდი, ჩრდილოეთ ოსეთის სოფელი ნარი-გორი და ყაზბეგი-ზემო ლარსი.

ამ დერეფნებში შემავალი და გამომავალი ტვირთის მონიტორინგი კი ნეიტრალურ, კერძო, შვეიცარიულ კომპანია SGS Societe Generale de Surveillance SA-ს დაევალა, რომლის მონიტორები გორთან, ზუგდიდთან, ადლერთან და როკის გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს უნდა განლაგდნენ. რუსეთი, ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან ერთად, კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ SGS-ის მებაჟეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შემავალ-გამავალი ტვირთები აღერიცხათ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ ქვეყანაში შვეიცარელი მებაჟეები კი არა, კერძო კომპანიის ექსპერტები იქნებია, რომელთა განლაგებაც შეთანხმებით არის განსაზღვრული.

"საუბარია მხოლოდ კერძო შვეიცარიულ კომპანიაზე, რომელიც განახორციელებს საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

SGS-სთან საბაჟო მონიტორინგის ხელშეკრულება პირველმა 2017 წელს საქართველომ მოაწერა ხელი. ანალოგიურ ხელშეკრულებას რამდენიმე თვეში ხელი მოაწერა რუსეთმაც.

"ცალსახად ვაცხადებთ, რომ ოკუპირებული რეჟიმების დაკავშირება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან მიუღებელია და დაუშვებელია. 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შეთანხმება — ორმხრივი დოკუმენტია და ეხება მხოლოდ ტვირთბრუნვის მონიტორინგს", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეთანხმებასთან დაკავშირებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის სხდომა 6 თებერვალს ჩატარდება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ნეიტრალური შვეიცარული მხრიდან. შეხვედრაზე საუბარი 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას შეეხება.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით იმოქმედებს:

"იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას და დაველოდებით შეხვედრის შედეგებს".