პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია 8 თებერვალს, 19:00-ზე, საქართველოს პარლამენტთან (უკანა მხარეს) გაიმართება. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები თანასწორობის მოძრაობა და პარტნიორობა ადამიანის უფლებისთვის (PHR) არიან.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2019 წლის 4 თებერვალს კომიტეტის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაზე სოფიო კილაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იგი სრულიად შეუფერებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციისთვის. კერძოდ, მათი თქმით, კილაძემ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წევრების ანა აბაშიძის და ანა არგანაშვილის მიმართ.

"მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან", — ნათქვამია აქციის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამოქალაქო საზოგადოება კილაძის გადადგომას ითხოვს. აქამდე არასამთავრობოები უპირისპირდებოდნენ კილაძის ინიციატივებს გამოხატვის, უმცირესობების უფლებებსა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. საპროტესტო აქცია მის წინააღდეგ პარლამენტთან 2018 წელსაც გაიმართა.