საქართველოს პრემიერის მრჩევლის, სოზარ სუბარის ცოლი თამარ ყუბანეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ტოქშოუს, კვირის ინტერვიუს პროდიუსერია. ამ გადაცემაში ის მუშაობდა მაშინაც, როცა მისი ქმარი მინისტრი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი ამბობს, რომ თეორიულადაც კი გამორიცხულია ყუბანეიშვილის ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეს. გადაცემის ავტორისა და წამყვანის, ირაკლი აბსანძის თქმით, ყუბანეიშვილს დიდი ხანი იცნობს და იცის მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ.

"ის არასდროს არ რევს ამას საქმეში. ვიცოდი [ვისი ცოლი იყო] და ეს არასდროს ყოფილა ჩემთვის დაბრკოლება", — ამბობს აბსანძე On.ge-სთან საუბრისას.

გადაცემის პროდიუსერი ამბობს, რომ მას სამართლებრივად ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და არც მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით გაჩენილა კითხვები.

"მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები ამ გადაცემასთან დაკავშირებით. გადაცემას ჰყავს ავტორი და მთავრი და პროდიუსერი, მე ვარ უბრალოდ კოორდინატორი... მე ვცდილობ ჩემი საქმიანობა იყოს მაღალპროფესიონალურად შესრულებული და ეს ამ გადაცემას ეტყობა", — განმარტავს ყუბანეიშვილი On.ge-სთან საუბრისას.

სოზარ სუბარი კვირის ინტერვიუს სტუმარი გასული წლის 11 მაისს იყო. როგორც მისი ცოლი ამბობს, გადაცემის დაგეგმვის პროცესში არ ჩართულა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით, ოჯახის წევრის ლეგიტიმურმა საქმიანობამ მაუწყებლის თანამშრომლისთვის შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი წარმოშვას.

"მაუწყებლის ხელმძღვანელობას უნდა აცნობოთ ნებისმიერი სახის ოჯახური ბიზნესის, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ, რომელმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი და მაუწყებლის ნეიტრალობა და ობიექტურობა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა", — ვკითხულობთ კოდექსში.

მსგავსი შემთხვევის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა 2015 წელს ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა დახურა. მაშინ დირექტორის მრჩეველმა მიშველაძისა და თავისუფალი დემოკრატების მაშინდელი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინება დაასახელა. რამდენიმე თვეში, 2016 წლის 26 თებერვალს ეს ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას წერილობით აცნობეს, რომ პირველი სტუდიის დახურვის შემდეგ ჟურნალისტის მიერ წარდგენილი გადაცემის პროექტი აღმასრულებელმა საბჭომ არ მოიწონა.