ილიაუნის რექტორს, გიგა ზედანიასა და ბიზნესსკოლის ყოფილ დეკანს, გიორგი ქადაგიძეს შორის 5 თებერვალს რუსთავი 2-ზე დებატები გაიმართება. დებატები გადაცემა არჩევანში 22:00 საათზეა დაგეგმილი.

ზედანია და ქადაგიძე სადებატოდ ილიაუნში განვითარებული მოვლენების შემდეგ არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საჯარდ მოიწვია. ორივე მათგანი შემოთავაზებას დათანხმდა.

"გაძლევთ შესაძლებლობას, საჯაროდ აგვიხსნათ, რა ხდება, სადაა სიმართლე და ვისი პოზიციაა სწორი. დებატებზე არ მოსვლა უკიდურესად უცნაური იქნება და საკითხის საჯაროდ განხილვაზე უარად განიხილება. თუმცა, არ მოსვლაც პასუხია და თუ რა პასუხი, მაყურებელი გადაწყვეტს. ერთერთი მხარის არ მოსვლის შემთხვევაში, მოსულ მხარეს დაეთმობა დრო საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. მეორე მხარის პრეტენზია ცალმხრივობაზე, ცხადია, აღარ მიიღება", — დაწერა გვარამია ფეისბუქზე.

31 იანვარს ქადაგიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტისთვის ცვლილებები და ძირეული სიახლეები მიუღებელია და თანამდებობიდან მოხსნეს.

"პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს "მომზადებული" ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი", — განმარტავს ქადაგიძე.

უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას თქმით, სტრუქტურული რეფორმაში მონაწილეობაზე გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა. უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტი მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი შეიქმნა, რომლის ნაწილიც ბიზნესსკოლა გახდა.

"გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა." ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია", — წერს ზედანია.

ამის შემდეგ, ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა, რომ გიორგი ქადაგაძის მხარდაჭერის გამო ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძემ რეორგანიზაციის გასაუქმებლად უნივერსიტეტს 24 საათი მისცა.

"ბიზნესის სკოლა არის ბიზნესის სკოლა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადასაწყვეტი საკითხები. არ გვჭირდება დამატებით სხვა პროგრამები, რომლებიც მხოლოდ სირთულეს წარმოადგენს", — ამის შესახებ ქადაგიძემ ილიაუნიში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გარდა ამისა, მან ადმინისტრაციისგან მოითხოვა, რომ უნივერსიტეტის ფინანსები გახდეს გამჭვირვალე.

ამავე თემაზე: