შენიშვნა: სტატიაში განხილულია ბავშვის უფლებათა კოდექსის სამუშაო ვერსია. დოკუმენტი საპარლამენტო განხილვების დროს, შესაძლოა, ჩასწორდეს ან შეიცვალოს.

საქართველოს პარლამენტი ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვას იწყებს. კანონპროექტი მომავალ კვირაში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. ბავშვთა უფლებათა კოდექსი იქნება სპეციალური კანონი, რომელიც დაადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დასაცავად.

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი 15 თავისგან და 95 მუხლისგან შედგება. ეს ვერსია საბოლოო არ არის და საპარლამენტო განხილვების დროს, სავარაუდოდ, შეიცვლება. კოდექსის სამუშაო ვერსიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებებზე.

საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, აღმოფხვრას უთანასწორობა, გააძლიეროს ოჯახები და შეუქმნას უსაფრთხო გარემო ბავშვებს. კანონპროექტი სახელმწიფო სტრუქტურებს კოორდინაციისა და ანგარიშვალდებულების პასუხისმგებლობასაც აკისრებს.

ბავშვის უფლებათა კოდექსი — პროექტი

ფოტო: Rathore School

კოდექსის პირველი თავი აწესრიგებს კოდექსის რეგულირების სფეროს და მის მიზანს განსაზღვრავს. ამ თავშია განმარტებული კანონპროექტში გამოყენებული ტერმინებიც. მნიშვნელოვანია, რომ კოდექსი არ აუქმებს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებს.

ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

კოდექსის მეორე თავში საუბარია, თუ რისი უფლება აქვს ბავშვს და რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს ეს უფლებები. ამავე თავში ნათქვამია, რომ ბავშვის ღირსება ხელშეუვალია და დაუშვებელია ბავშვის წამება, არაადამიანური, დამამცირებელი ან სასტიკი მოპყრობა და ამავე ტიპის სასჯელის გამოყენება.

კოდექსის მეშვიდე მუხლი კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ბავშვებთან მიმართებით. სახელმწიფო ვალდებული იქნება შექმნას შესაბამისი პირობები შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

კოდექსი აღიარებს ბავშვის უფლებას მოუსმინონ მის აზრს, გაითვალისწინონ და ჩართონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დაუშვებელია ეს უფლება ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების გამო შეიზღუდოს.

პირადი ცხოვრების უფლება

ფოტო: The New York Times

ბავშვთა უფლებათა კოდექსის არსებული ვარიანტი განსაზღვრავს ბავშვის პირადი სივრცისა და პირადი მიმოწერის მნიშვნელობას. ამავე კანონპროექტით დაუშვებელია, ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების არაკანონიერი შეზღუდვა, მათ შორის, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა ბავშვის პირად სივრცეში.

თუ ბავშვს მიაჩნია, რომ მისი პირადი ცხოვრებისა და პირადი მიმოწერის უფლება დარღვეულია, შეუძლია თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს შესაბამის ორგანოებს ან სასამართლოს. მას შეუძლია მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა და ზიანის ანაზღაურება.

გამოხატვის თავისუფლება

ფოტო: Pinterest

კოდექსის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ზეპირად, წერილობით, ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით. ბავშვის ეს უფლება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს. ასევე ისეთ შემთხვევებში, როცა აუცილებელია სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის, ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვა. ასევე აკრძალვა შესაძლებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მასზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად.

რელიგიისა და სინდისის თავისუფლება

ფოტო: coreymondello.com

ბავშვს უფლება აქვს გააჩნდეს რწმენისა და სინდისის თავისუფლება. მშობლებს კი ეძლევათ უფლება აღზარდონ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ.

თამაში და დასვენება

ფოტო: Momentchensammler

კოდექსის მიხევდით, ბავშვს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით. ასევე აქვს უფლება თამაშსა და დასვენებაზე. მას შეუძლია მოითხოვოს ბალანსის დაცვა სწავლასა და თავისუფალ დროს შორის. მშობლები ვალდებული არიან სათანადო ყურადღება დაუთმონ ბავშვის მოსაზრებებსა და საჭიროებებს ამ კუთხით.

ამავე კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება და ასევე, ინტელექტუალური შემოქმედების უფლება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი არ უარყოფს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრულ ბავშვის სხვა უფლებებს.

ბავშვის უფლება ოჯახზე

ფოტო: Simon Kneebone

კოდექსის მესამე თავი ადგენს მშობლის, როგორც ბავშვის უფლებების ერთ-ერთი სამართლებრივი გარანტორის მოვალეობას ბავშვის აღზრდის, მათ შორის, რელიგიური აღზრდის სფეროში.

ამ კანონპროექტით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ოჯახში ცხოვრების თანაბარი უფლება. დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკურ დასჯა ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.

კოდექსის მიხედვით, ბავშვი არ უნდა განცალკევდეს მშობლებისგან მისი ნების საწინააღმდეგოდ. გამონაკლისია შემთხვევა, როცა ეს დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვი არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები.

ამ კანონპროექტით სახელმწიფო ვალდებული ხდება შეიმუშავოს ოჯახის მხარდამჭერი სერვისები, რომელიც მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებაში გამოიხატება. ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა არ უნდა იყოს მხოლოდ ერთჯერადი სახის და სამოქმედო გეგმა ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებებზე უნდა იყოს დამყარებული.

ოჯახის მხარდამჭერი პროგრამები შესაძლოა მოიცავდეს:

  • საინფორმაციო, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ბავშვის აღზრდა-განვითარების პოზიტიური მეთოდების, ბავშვთან არაძალადობრივი კომუნიკაციისა და ბავშვის უფლებების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ;
  • მიზნობრივ მატერიალურ და არამატერიალურ მხარდაჭერის ღონისძიებებს;
  • პოზიტიური მშობლობის, ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების კურსებს და კონსულტაციებს ოჯახური თანაცხოვრების, ოჯახური დავების და განქორწინების დროს;
  • მშობლებისათვის პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზებას;
  • დამხმარე სოციალურ სერვისებს, როგორიცაა, დღის ცენტრი, მედიაციისა და შერიგების სერვისებს ოჯახური დავების დროს, მკურნალობის კურსი ალკოჰოლიზმის, ნარკოდამოკიდებულების ან სხვა ფსიქო-ემოციური საჭიროების დროს...
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების ადრეული იდენტიფიკაციის, ინდივიდუალური შეფასებისა და სათანადო მხარდაჭერის პროგრამები.

ალტერნატიული ოჯახური ზრუნვა

ფოტო: Shutterstock

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას და მხარი დაუჭიროს ბავშვს, რომელიც დროებით ან სამუდამოდ მოკლებულია მშობელთა ზრუნვას ან მისი ოჯახში დარჩენა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

კოდექსი ავალდებულებს სახელმწიფოს იზრუნოს ზრუნვიდან გამოსულ ახალგაზრდებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ გარდამავალ პერიოდში ესაჭიროებათ მხარდაჭერა. არსებული კანონით, სახელმწიფო ზრუნვას ბავშვები 18 წლის შემდეგ ტოვებენ და სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას მათ შემდგომ დახმარებაზე.

როცა შეუძლებელია ბავშვის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება, სახელმწიფო ვალდებულია რეზიდენტული ალტერნატიული ზრუნვა შესთავაზოს მას, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებითაა ცნობილი.

ასეთი დაწესებულებები, კერძო იქნება თუ საჯარო,ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. რეზიდენტული ზრუნვის წესსა და პირობებს დაადგენს ეს კოდექსი და საქართველოს კანონი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ.

ბავშვი არ შეიძლება მოათავსონ ალტერნატიული ზრუნვის ისეთ მომსახურებაში, რომელიც არ შეესაბამება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს და არ არის ლიცენზირებული კანონის შესაბამისად.

განათლების უფლება

ფოტო: oriol san julian / Shutterstock

კოდექსის ეს თავი ბავშვს აძლევს უფლებას მიიღოს ხარისხიანი განათლება. სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას პირობები საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალური საჭიროების მქონე პირებს. ამავე ქვეთავში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ძალადობის გამოყენება განათლების სისტემაში.

დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის ზომად ძალადობის შემდეგი ფორმების გამოყენება: ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი სასჯელი. საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის პრევენციისა და სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი. ასევე უნდა დაინერგოს ბავშვზე ძალადობის შეტყობინების ცხელი ხაზი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს ბავშვთა ძალადობის საკითხზე პასუხისმგებელი პირი, იგივე კოორდინატორი.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის მექანიზმები, რომლის შემუშავებაც განათლების სამინისტროს დაევალება.

ძალადობისგან დაცვა

ფოტო: Council of Europe

კოდექსის მეცხრე თავი ბავშვის ძალადობისგან დაცვის საკითხებს არეგულირებს. კანონპროექტის ავტორების თქმით, აქ მაღალი სტანდარტია დაწესებული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ჩანაწერია.

ამ თავის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება დაცული იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულებისგან, დაზიანებისგან, უგულებელყოფისგან, დაუდევარი მოპყრობისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან, ვაჭრობისგან, ტრეფიკინგისგან და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სახელმწიფო ვალდებული იქნება მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომა ყოველი ბავშვის დასაცავად ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან. ასევე სახელმწიფო პასუხისმგებელი იქნება შექმნას ეფექტური მექანიზმები ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის, ბავშვის მიმართ ან ბავშვებს შორის ძალადობის ნებისმიერი ფორმის პრევენციის მიზნით.

შრომის საზიანო ფორმებისგან დაცვა

ფოტო: PicsWe

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვები საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულებისგან. მათ შორის:

  • განსაზღვროს ბავშვისათვის საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი შრომის კონკრეტული ფორმებისა და პირობების ჩამონათვალი;
  • დაადგინოს ბავშვის დასაქმების მინიმალური ასაკი, სამუშაო საათებისა და პირობების სავალდებულო სტანდარტები;
  • დაადგინოს შრომის ინსპექტირების უფლებამოსილი უწყება, რომელსაც შეუძლია მიმართოს ბავშვმა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში;
  • დაადგინოს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სანქციები ამ მუხლის ეფექტური აღსრულებისთვის.

ეკონომიკური ექსპლუატაციისგან დაცვა

ფოტო: UNICEF

კოდექსის პროექტით იკრძალება ბავშვის ეკონომიკური ექსპლუატაცია, ჩაბმა მათხოვრობაში, იძულებით, შანტაჟით, მოტყუებით, წაქეზებით, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამოყენებით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით. კანონპროექტის მიხედვით, ამ უფლების დარღვევა ხელისუფლებამ შესაბამისი კანონით უნდა დაარეგულირებს.

სექსუალური ექსლუატაციისგან და ბავშვთა ვაჭრობისგან დაცვა

ბავშვთა კოდექსის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, აკრძალულია:

  • ბავშვის დაყოლიება ან იძულება ჩაებას ნებისმიერ უკანონო სექსუალურ მოქმედებებში;
  • ბავშვის გამოყენება პროსტიტუციასა და სხვა უკანონო სექსუალურ მოქმედებებში;
  • ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიულ საქმიანობაში, პორნოგრაფიული ხასიათის მასალების დამზადებაში, რეკლამირებაში, გავრცელებაში, მისით ვაჭრობაში, გადაცემაში, მიღებაში, ექსპორტსა და იმპორტში;
  • აკრძალულია ბავშვის შეთავაზება, გადაცემა ან მიღება, ნებისმიერი საშუალებით;
  • აკრძალულია ბავშვით ვაჭრობა შვილად აყვანის მიზნით ან შუამავლის მიერ ანგარებით პირის დარწმუნება თანხმობა გასცეს ბავშვის გაშვილებაზე;

კოდექსი ასევე იცავს ბავშვებს ტრეფიკინგისგან და სახელმწიფოს შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღებას ავალდებულებს.

ძალადობის პრევენცია

ბავშვთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრისა და პრევენციის ღონისძიებებს შორისაა:

  • საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აკრძალვის მიზნით:
  • მშობელთა და აღზრდაზე პასუხისმგებელ პირთა მხარდაჭერა პოზიტიური, არაძალადობრივი აღზრდის მეთოდების და უნარების განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური დახმარების, კონსულტაციისა და ინფორმაციის მიწოდების გზით;
  • განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სპორტის, კულტურის და მართლმსაჯულების სხვადასხვა სფეროში ბავშვებთან და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პირთა სპეციალიზებული სწავლება და ინფორმირება;
  • საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვებისთვის ძალადობის რისკების, არაძალადობრივი კომუნიკაციის, კონფლიქტების პოზიტიური მოგვარების და ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ, მათ შორის, ინტერნეტ-სივრცეში და სხვა.

მავნე ზეგავლენისგან დაცვა

ფოტო: Angela Waye / Shutterstock

ეს თავი მოიცავს ბავშვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებებისაგან დაცვას. დაუშვებელია ბავშვის შრომითი საქმიანობა ისეთ დაწესებულებაში სადაც ხდება ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია.

ეს თავი აწესრიგებს ბავშვის დაცვას მედია სივრცეში, რომლის ფარგლებშიც დადგენილია მასმედიის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვები.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ნიშანდება – "საინფორმაციო", "საგანმანათლებლო" ან ასაკობრივი ზღვარი.

დაუშვებელია ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

აკრძალულია 16 წლამდე ბავშვის მშობლის გარეშე ყოფნა ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში ღამის 22 საათიდან დილის 8 საათამდე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში. სრული შეზღუდვა ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ სივრცეებში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისათვის წვდომის შეზღუდვა პორნოგრაფიული ან სხვა სახის ნეგატიური ზეგავლენის მქონე ინფორმაციაზე.

ინტერნეტმიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით დაბლოკოს მისი წვდომა ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელ ინფორმაციაზე.

ეს კოდექსი ასევე ადგენს ბავშვის უფლებებს ადმინისტრაციულ წარმოებასა და სამართალწარმოებაში.

კანონპროექტი ასევე დეტალურად განიხილავს სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობებს ბავშვთა უფლებების კოდექსში მოცემული დებულებების პრაქტიკაში შესრულების მიზნით. კოდექსი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებს ბავშვის დაცვის სფეროში, რაც მოიცავს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვის მდგომარეობის ანალიზს, ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების შექმნას, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მათ განხორციელებას.

კოდექსი ერთგვარი ჩარჩო-დოკუმენტია, რომელიც ზოგად დებულებებსა და პოლიტიკას გაწერს. ამ ჩანაწერების იმპლემენტაციას კი მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციები და ცვლილებები სჭირდება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ყველა შესაბამისი ცვლილების განხორციელება 2020 წლის იანვრამდე უნდა მოესწროს, რადგან კანონის ამოქმედება სწორედ ამ დროისთვის იგეგმება.