დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს. ისინი მამალაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის ზიარებას ითხოვენ.

დეკანოძის ძმა, თორნიკე მამალაძე განმარტავს, რომ დაკავებული საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფების ტყვეა, სწორედ ამიტომ გამართეს საპროტესტო აქცია აქ. ნეტგაზეთთან საუბარში თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ისინი დაელოდებიან კომუნიკაციას საპატრიარქოს მხრიდან და შემდეგ გადაწყვეტენ რა ნაბიჯებს გადადგამენ.

მისი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას გულისა და დიაბეტის პრობლემა აქვს. მისივე თქმით, ის ინტენსიურ მკურნალობას გადის, თუმცა საპატიმრო დაწესებულება და უკანონო სასჯელი მასზე მძიმე გავლენას ახდენს.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.