ახალ სატელევიზიო სეზონთან ერთად ახალ-ახალი სერიალებიც იწყება, ბევრი მათგანი წარუმატებელი იქნება და პირველი სეზონის ნახევრის გასვლის შემდეგ დააქენსელებენ, მაგრამ ზოგი შეიძლება კარგი გამოვიდეს, რეიტინგები კარგად დააგროვოს და რამდენიმე სეზონითაც დარჩეს ტელეეთერში. რომელიმე შეიძლება ლეგენდადაც იქცეს, მაგალითად, როგორც Friends, The office ან Modern Family.

რა და როგორ იქნება, ამას სასტიკი ამერიკელი მაყურებელი გადაწყვეტს, ყველაფერი მათზე და რეიტინგებზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს გვახსოვს, რამდენად კარგი სერიალები დახურულა იმის გამო, რომ ყველა ვერ "უმუღამებდა". მაგალითად, 30 Rock.

წარმოგიდგენთ იმ ახალ კომედიურ სერიალებს, რომლებსაც შანსი უნდა მისცეთ, ნახოთ, შეაფასოთ და თუ მოგეწონათ, იმაზე იდარდოთ, რომ ამერიკელ მაყურებელსაც მოეწონოს და უცებ ხელიდან არ გამოგაცალონ.

1. Making History

მასაჩუსეტსის ერთ-ერთი პატარა კოლეჯის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, დენ ჩემბერსი, დროის მანქანას შექმნის და 1775 წელში გადადის, სადაც ხვდება გოგოს და მას მომავლის ფილმებიდან და სტენდ-აფ კომედიური სკეჩებიდან მოპარული ფრაზებითა და ცნობილი სიმღერების საკუთარ ნამუშევრებად გასაღებით ხიბლავს. მისი შეყვარებული პოლ რივერის შვილია, ადამიანის, რომელმაც კოლონიალური მილიცია გააფრთხილა, რომ ბრიტანელთა ჯარები მოდიოდნენ და ამით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის რევოლუციას. მის ოჯახთან კონტაქტში შესვლის შედეგად დენ ჩემბერსი ისტორიას ცვლის. დახმარების საძებნელად ის ისევ მომავალში ბრუნდება და წარსულში თავისი მეგობარი და კოლეგა, ისტორიის პროფესორი ქრის პერიში მოჰყავს. ისინი ერთად ცდილობენ, ისტორია სწორ გზაზე დააყენონ და დენის შეცდომა გამოასწორონ.

2. Speechless

მინი დრაივერის გმირი, მაია დიმეო მრავალშვილიანი დედაა, რომელის ერთ-ერთ შვილს, ჯეი ჯეის, ცერებრალური დამბლა აქვს. მაია ცდილობს თავისი შვილისთვის შესაფერისი სკოლა, ქალაქი და საცხოვრებელი ადგილი იპოვოს, მაგრამ ამ დროს ოჯახის სხვა წევრები თავს იგნორირებულად გრძნობენ.

3. Powerless

კომედიური სერიალი, რომლის სიუჟეტიც DC Comics-ის სამყაროში ვითარდება. სერიალის მთავარი გმირები ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანიის თანამშრომლები არიან. ჩვენ პირველად ვნახავთ, როგორია ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება იმ სამყაროში, სადაც სუპერ გმირები და სუპერ კრიმინალები არსებობენ.

4. MAN WITH A PLAN

მეტ ლაბლანკის, Friends-ის ჯოუი ტრიბიანის, ახალი გმირის ცოლი დიასახლისობას თავს ანებებს და მუშაობას იწყებს. ადამ ბერნსი სამ შვილთან ერთად მარტო რჩება სახლში, მან უნდა შეძლოს და მათ სათანადოდ მოუაროს, წაიყვანოს სკოლაში, ასვას, აჭამოს, ამეცადინოს, მშობელთა კრებაზე იაროს და ა.შ.

5. The Great Indoor

ჯეკ გორდონი ცნობილი თავგადასავლების მაძიებელი და ჟურნალისტია, რომელიც ჟურნალი Outdor Limits-ისთვის წერს. მას თავისი მოგზაურობიდან ოფისში აბრუნებენ, რადგან ჟურნალი მხოლოდ ვებ ვერსიაზე გადადის და ჯეკმა ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდი უნდა მართოს.

6. Trial & Error

ახალი მოკუმენტური სერიალი (The office, Modern Family, Parks And Recreations), რომელშიც ადვოკატთა ჯგუფი ცდილობს დაამტკიცოს თავიანთი კლიენტის უდანაშაულობა.

7. Downward Dog

ამავე სახელწოდების ვებ სერიებზე დაფუძნებული ახალი კომედიური სერიალი, რომელშიც ძაღლისა და მისი პატრონის ურთიერთობას ძაღლის პერსპექტივიდან ვხედავთ.

ამ შვიდი სერიალის გარდა, წელს კიდევ ბევრი პრემიერაა დაგეგმილი, მაგრამ დანარჩენების ტრეილერები და შინაარსი ისეთია, რომ აქედანვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაქსიმუმ ერთ სეზონს "გაქაჩავენ".