საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს ეხმაურება და წერს, რომ იგი "ორაზროვანია" და ეს "მუქარის შინაარსს იძენს".

"იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად", — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო აცხადებს, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში.

საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა, "სრულიად არასწორად" გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზეც და დიპტიხთან დაკავშირებითაც:

"მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდსაჭერად არავისთვის მიუმართავს. ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიპტიხში მე-6 ადგილზე გვიხსენიებს, ხოლო კონსტანტინოპოლი, მე-9 ზე, არ ნიშნავს, რომ ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სავალდებულოდ გასათვალისწინებელია".

საპატრიარქოს განცხადებით, როგორც კრეტის კრებასთან მიმართებით, ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ისინი ცდილობდნენ პოზიცია არ განესაზღვრათ პოლიტიკური ნიშნით:

"ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის".

საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მათი ცნობით, ილარიონმა განმარტა ინტერვიუს დეტალები:

"მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოსასაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე. გვაცნობეს ისიც, რომ იგი მზად იყო ჩვენი რომელიმე არხისთვის განმარტების მისაცემად, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის არცერთი ჯგუფი ამჟამად მოსკოვში არ იმყოფებოდა".

უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინში

6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.

კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — აღნიშნა მან.

თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა.

ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა". მწუხარება სიხარულად გადაიქცა, მაგრამ მხოლოდ უკრაინისთვის. ავტოკეფალია ოფიციალურად გაფორმდა, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ისევ სდუმს.

როგორც სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ აღნიშნა, ამ საკითხზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ. თუმცა, სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. ახალქალაქისა და კუმორდის მიტროპოლიტმა კი პროცესების გაწელვის მიზეზად ის დაასახელა, რომ ჯერ ტომოსი არ წაუკითხავთ. სწორედ ამიტომ, აქტივისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოში ორენოვანი ტომოსი მიიტანა.

უკრაინას უკვე მიულოცა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ, თუმცა საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს მსგავსად თავს იკავებს. მათი თქმით, არასწორი იქნება უკრაინის ავტოკეფალიაზე აზრის დაფიქსირება საპატრიარქოს პოზიციას დაასწრონ. ამ აზრს არ ეთანხმება მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საპირწონედ უკრაინას ავტოკეფალია უკვე მიულოცა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ და ქართველ მუსლიმთა კავშირმა. ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმთავარმა. მათ შორის არიან შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე.