შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე დაკავებულია პირი, რომელმაც ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა.

შსს-ს მტკიცებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. უწყების განცხადებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება.

გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დასადგენად. შსს აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.