ფეისბუქის გაუქმება შესაძლოა კარგი იყოს თქვენი ემოციური კეთილდღეობისთვის, მაგრამ მიმდინარე მოვლენების მიმართ ნაკლებად ინფორმირებულნი იქნებით.

კვლევა ნიუ-იორკისა და სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ სურდათ გამოერკვიათ, თუ რა ემართებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ფეისბუქის ანგარიშებს აუქმებდნენ.

მკვლევარებმა მონაწილეებს ფეისბუქის 4 კვირით გასაუქმებლად $102 გადაუხადეს. ამ დროის გასვლის შემდეგ, ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელს არ იყენებდნენ, ამბობდნენ, რომ უფრო ბედნიერნი იყვნენ. ისინი ნაკლებად იყენებდნენ სოციალური მედიის სხვა საიტებსაც. კვლევის შედეგებით, იგივე ადამიანებმა მიმდინარე სიახლეების შესახებ ნაკლებად იცოდნენ.

მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათ დღის განმავლობაში ერთზე მეტი თავისუფალი საათი რჩებოდათ. როცა კვლევა დასრულდა, ნაწილმა ფეისბუქი ისევ გაააქტიურა, თუმცა უმრავლესობამ მისი ნაკლებად გამოყენება განაგრძო.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ჰანთ ალკოტმა თქვა, რომ მონაწილეები ფეისბუქს მათი ცხოვრების მნიშვნელოვან და პოზიტიურ ნაწილად მიიჩნევდნენ. ამიტომ, მათ თქვეს, რომ გაუქმების შემთხვევაში, ისურვებდნენ ფულის გადახდას.

პროფესორის სიტყვებით, ადამიანები ფეისბუქის გაუქმების შემდეგაც კი აცნობიერებდნენ მის ღირებულებას. როდესაც ერთი თვე გავიდა, მათ ჰკითხეს, რამდენს ისურვებდნენ, რომ ფეისბუქი კვლავ გაუქმებული ჰქონოდათ და მათ იგივე თანხა მოითხოვეს.

"ფეისბუქი რომ ჰეროინი ყოფილიყო, ეს ფასი შემცირდებოდა", - ამბობს მეცნიერი.

მკვლევარები დასძენენ, რომ მათი მიზანი ფეისბუქის დისკრედიტაცია ან მის შესახებ სასარგებლო ცნობების მოგროვება არ ყოფილა. მათ სურდათ ხალხს გაეცნობიერებინა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სოციალური მედია.

კვლევის შედეგების მიხედვით, ფეისბუქი მომხმარებლებისთვის გასართობი ამბების მიღების მთავარი წყაროა, რაც მათ სოციალიზაციაში, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვასა და თანამოაზრეების პოვნაში ეხმარებათ.

იმის მიუხედავად, რომ 2018 წელს ფეისბუქს პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაუცველობაში ედავებოდნენ, აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში სოციალური ქსელის მომხმარებლების რიცხვი კვლავ იზრდება.