ყაზტრანსაგაზ-თბილისის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მამუკა კობახიძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ 2017 წლის 21 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, ამავე კომპანიაში შემოსავლის სახით 13 333 ლარი აიღო. ბოლო დეკლარაცია მან 2018 წლის 27 მარტს შეავსო.

კობახიძე პარალელურად ყაზტრანსგაზ-თბილისის მმართველის პოსტსაც იკავებს, სადაც 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 167 377 ლარი მიიღო. გარდა ამისა იგი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორიცაა. ფონდში მან 2017 წლის პირველი იანვრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით 166 988 ლარი აიღო.

29 იანვარს ყაზტრანსგაზის შენობასთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი მოითხოვდა მამუკა კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებას. ელისაშვილის თქმით, კობახიძე უნდა წავიდეს, რადგან 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ყაზტრანსგაზი არ ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

16 იანვარს, საღამოს 9 საათზე დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. გარდაცვლილებს შორის ერთი 4 წლის ბავშვია.

მომხდარზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.