ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. გარდა ამისა, მას საბანკო ანგარიშებზე წვდომა დაუბლოკეს. სასამართლომ გუაიდოს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება უკავშირდება "ძალადობის აქტებს", რომელიც ქვეყანაში 22 იანვრიდან მოხდა.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. მისივე თქმით, ის დაასრულებს ქვეყანაში ნიკოლას მადუროს დიქტატორულ რეჟიმს, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა ლათინური ამერიკის ბევრმა ქვეყანამ აღარა. მხარდამჭერებს შორის არიან აშშ, კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და საქართველო. აშშ-მ ვენესუელის კუთვნილ ნავთობკომპანიას სანქციებიც დაუწესა.

ნიკოლას მადუროს ქვეყანაში ჯარისა და უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, მის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, კუბა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებმა.

ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს 1 300 000%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა. მადუროს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაც.

ამავე თემაზე: