კლიმატის ცვლილების შედეგად არქტიკაში ყინულის საფარი უფრო და უფრო მცირდება და მიწა, რომელსაც მზის პირდაპირი სხივები ათიათასობით წლის განმავლობაში არ მოხვედრია, მზის გულზე იშლება.

ბაფინის კუნძული ქვიანი, გაყინული სამყაროა, რომელიც კანადის არქტიკულ არქიპელაგში მდებარეობს.

ეს გამყინვარების პერიოდის დედამიწის შესასწავლად იდეალური ადგილია, რის გამოც გეოლოგი და პალეოკლიმატოლოგი გიფორდ მილერი ბაფინის კუნძულს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს სტუმრობდა, მის მიერ გაკეთებული აღმოჩენები კი შემაშფოთებელია.

ბაფინის კუნძულზე ყინულით დაფარული ვიწრო ყურე

ბაფინის კუნძულზე ყინულით დაფარული ვიწრო ყურე

ფოტო: NASA

ამჟამად არქტიკა თითქმის სამჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დედამიწის დანარჩენი ნაწილი. თუ აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება, ბაფინის კუნძულზე მყინვარები სრულად გაქრება.

"ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით, რომლებსაც ევოლუციის წყალობით კლიმატურ ცვლილებებთან შეგუება შეუძლიათ, მყინვარებს გადარჩენის შესაძლებლობა და სტრატეგია არ აქვთ. ისინი ტემპერატურას უშუალოდ ემორჩილებიან. ტემპერატურის მატებისას მათი ზომა მცირდება, კლებისას კი ისინი კვლავ იზრდებიან. ამის გამო მყინვარები წარსულში არსებული ტემპერატურების შესახებ ინფორმაციას საიმედოდ ინახავენ", - აცხადებს მილერი.

უკან დახევის პროცესში მყოფი მყინვარების საზღვარზე კი მილერი და მისი გუნდი უძველეს ხავსებსა და სხვა მცენარეულ ორგანიზმებს, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში ცივი ყინულის საფარის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი, ხშირად პოულობდა.

ახლა კი, როდესაც დაჩქარებული კლიმატური ცვლილებების გამო მყინვარები უფრო და უფრო სწრაფად დნება, ათასობით წლის განმავლობაში მიძინებული მცენარეების ნაწილი გაღვიძებას იწყებს.

"უცნაური ფაქტი ის არის, რომ ხავსების ნაწილი მზის შუქზე მოხვედრისას ისევ ზრდას იწყებს, ისინი ზომბებს მაგონებენ", - აცხადებს მილერი.

გასული წლის აგვისტოში მეცნიერებმა აღნიშნული რეგიონიდან მცენარეების 48 ნიმუში შეაგროვეს. ნახშირბადის დათარიღებით კი მათი ასაკიც დადგინდა, მინიმუმ 40 000 და მაქსიმუმ - 120 000 წელი.

თუ ყველაზე მოკრძალებულ ვარაუდებს გავითვალისწინებთ ბოლო გამყინვარების პერიოდამდე მივალთ, რა დროსაც დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა დღევანდელზე უფრო ცივი იყო, ადამიანები კი მამონტებზე ნადირობდნენ. აღნიშნული მცენარეები ყინულის საფარის ქვეშ დიდი ალბათობით სწორედ ამ პერიოდში მოექცნენ.

ახლა კი ადამიანის ქმედებების შედეგად ათასობით წლის განმავლობაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესები შებრუნდა, ყინულის საფარი კი ქრება. კვლევებით ირკვევა, რომ არქტიკაში ასეთი მაღალი ტემპერატურები ბოლო 115 000 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ეს უპრეცენდენტო ცვლილებებია, რომლებიც ბუნებრივი ვარიაციის ფარგლებში არ ჯდება, ტემპერატურის სწრაფი მატება ადამიანის აქტივობების შედეგია.

ავტორების თქმით, თუ აღნიშნული ტრენდი გაგრძელდება, რამდენიმე საუკუნეში კუნძული ყინულისგან სრულად გათავისუფლდება.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.