საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით სისტემურ პრობლემად იქცა". მისი განცხადებით, პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა და სისტემური იარაღია ქალების წინააღმდეგ.

"სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს", — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ნინო ლომჯარიამ 2016 წელს ფარული კადრების გავრცელების ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, ამ დრომდე უცნობია გამოავლინა თუ არა პროკურატურამ დამნაშავეები, რომლებმაც უშუალოდ ეს კადრები შექმნეს და ინტერნეტსივრცეში თვითონ ან სხვა პირების მეშვეობით გაავრცელეს.

"სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და დასაჯოს დამნაშავე პირები. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება, შენახვა თუ დაარქივება სისხლის სამართლის დანაშაულია და უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებს", — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ის ფიქრობს, რომ პირადი ცხოვრებით შანტაჟის წინააღმდეგ უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება პრობლემის გადაჭრისკენ, რისკის შემცირებისკენ (ინფორმაციის ოპერატიულად შეტყობინების მექანიზმი, მასალის სწრაფად დაბლოკვის გზები და ა.შ.) და ცნობიერების ამაღლებისკენ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამართალდამცავებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ დანაშაულის ჩამდენი პირები, საზოგადოებას კი სთხოვს პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ.

28 იანვარს სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების საფუძველზე კანონით დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ინტერნეტში პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეა საუბარი. 2016 წლის 11 მარტში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა და ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. მალევე, 14 მარტს მუქარის შემცველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეომასალა მოქმედი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი არ დატოვებდნენ თანამდებობებს.