საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ფორმით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს, ამიტომ მოუწოდა სამართალმდაცავ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაიწყოს ღია დისკუსია.

28 იანვარს სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების საფუძველზე კანონით დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

კადრების გავრცელებას გამოეხმაურა თავად ეკა ბესელიაც. უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობს და მოუწოდა ქალებს აქტიურად მოვიდნენ პოლიტიკაში რეალობის შესაცვლელად.

"ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს", — აღნიშნავს ბესელია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ინტერნეტში პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეა საუბარი. 2016 წლის 11 მარტში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა და ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. მალევე, 14 მარტს მუქარის შემცველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეომასალა მოქმედი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი არ დატოვებდნენ თანამდებობებს.