ქალთა მოძრაობა სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში სექსი ქალთა პოლიტიკიდან განდევნის იარაღია. მათი თქმით, კადრების გავრცელებისა და შანტაჟისას განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან და ეს პატრიარქალურ სისტემაზე მეტყველებს.

"ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს — აშინებს. პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციისა და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია", — წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, მსგავსი საფრთხე არ ექმნებათ ჰეტეროსექსუალ კაც პოლიტიკოსებს და მათი სექსუალური ცხოვრება არათუ დაგმობილი, არამედ კულტურულად წახალისებული და აღიარებულია. მათივე თქმით, სწორედ ამიტომ სექსი მათთვის არც ბარიერია, არც შანტაჟისა და დაშინების წყარო და არც დისკრედიტაციის საფრთხე, რაც, კიდევ ერთხელ მიუთითებს პატრიარქალურ სისტემაში გაბატონებულ უთანასწორობასა და მასზე მიბმულ ორმაგ მორალურ სტანდარტებზე.

ქალთა მოძრაობაში ამბობენ, რომ მხარდაჭერას უცხადებენ ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა. ისინი გმობენ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. მათი თქმით, სექსი ქალების პოლიტიკიდან განდევნის იარაღი აღარ უნდა იყოს და მათი პირადი ცხოვრებით მანიპულირება უნდა დასრულდეს.

კადრების გავრცელებას გამოეხმაურა თავად ეკა ბესელიაც. უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობს და მოუწოდა ქალებს აქტიურად მოვიდნენ პოლიტიკაში რეალობის შესაცვლელად.

"ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს", — აღნიშნავს ბესელია.

28 იანვარს სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების საფუძველზე კანონით დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ინტერნეტში პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეა საუბარი. 2016 წლის 11 მარტში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა და ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. მალევე, 14 მარტს მუქარის შემცველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეომასალა მოქმედი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი არ დატოვებდნენ თანამდებობებს.