მმართველი გუნდის წევრი, ეკა ბესელია, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობს. ის მოუწოდებს სხვა ქალებს, მოვიდნენ პოლიტიკაში და იბრძოლონ არსებული რეალობის შესაცვლელად. ამის შესახებ ბესელია ღია წერილში საუბრობს.

"მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში. ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა, ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება, რომ სუსტი არ ვარ, რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არ ვიყო სხვისი ხელის შემყურე... სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს", — აღნიშნავს ბესელია.

დღეს, 28 იანვარს სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების საფუძველზე კანონით დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ინტერნეტში პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეა საუბარი. 2016 წლის 11 მარტში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა და ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. მალევე, 14 მარტს მუქარის შემცველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეომასალა მოქმედი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი არ დატოვებდნენ თანამდებობებს.