ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი On.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ პარლამენტთან ახლოს, პარკში მოსამართლეებს შეხვდა. მათი შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ტაბულამ გაავრცელა.

დეპუტატი ამბობს, რომ მეგობრებს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, გიორგი მიქაუტაძესა და ვალერი ცერცვაძე შემთხვევით შეხვდა. მას უკვირს, რატომ შეიძლება ჟურნალისტები მისი და მისი მოსამართლე მეგობრების შეხვედრით დაინტერესდნენ.

"არანაირი კითხვები [ჩვენს] კავშირებთან დაკავშირებით არ არსებობს. არასდროს დამიმალავს, რომ ვმეგობრობ მიხეილ ჩინჩალაძესთან. თქვენ თვითონ ხო ხვდებით [შეხვედრასთან დაკავშირებით] კითხვები არის არაჯანსაღი. თქვენ, თქვენს მეგობარს შეხვედრიხართ თუ არა შემთხვევით?" — ამბობს ზარდიაშვილი On.ge-სთან საუბრისას.

კითხვაზე, საჯარო სივრცეში შეხვედრის მიზეზი ის ხო არ იყო, რომ მათი საუბარი არავის ჩაეწერა, დეპუტატი ასე პასუხობს:

"ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ პრივატულ შეხვედრაზეც კი, რასაც არ უნდა ვსაუბრობდე, ეს ჩემთვის არ არის მაკომპრომეტირებელი საბუთი. რასაც მე პრივატულ სივრცეში ვსაუბრობ, მე დასამალი არ მაქვს".

ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სწორედ ის იყო მმართველი პარტიისა და "სასამართლოს კლანური მმართველების" საერთო საკონტაქტო პირი. ზარდიაშვილს რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კომიტეტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თქვა, რომ "თავმჯდომარის თანამდებობას მას ვერ დაუტოვებდა".