2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბ ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის დღეს დაკავებულ მეოთხე პირს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა MDMA-ს შემცველი 54 აბი, საიდანაც გალერიში 4 აბი გაყიდა, ხოლო დანარჩენ 50 აბს პირადად ინახავდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2019 წლის 18 იანვარს ამავე სპეცოპერაციის დღეს დაკავებულ კიდევ 2 პირს 7 და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. კიდევ ერთ დაკავებულს 8 წლით პატიმრობა 2019 წლის 25 იანვარს შეეფარდა.

სპეცოპერაცია ბასიანსა და გალერიში

12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს. სამართალდამცავები, რომლებიც სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები აგრესიით გამოირჩეოდნენ მოქალაქეებს არ უხსნიდნენ რა მიზეზით დაატოვებინეს კლუბები და არ აძლევდნენ იქ შესვლის საშუალებას.

სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ჩაატარა.

ამ განცხადებით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირები კლუბებში აიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არცერთი პირი კლუბებში არ დაუკავებიათ. სპეცოპერაციიდან 48 საათის განმავლობაში აქციები იმართებოდა თბილისში.

გაიგეთ მეტი: