საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას, ბრენდმა, Vetements, მაისურები გამოუშვა, რომელის უკანა მხარესაც 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბებული ქართული ახალგაზრდული მოძრაობის "კმარას" ლოგოა გამოსახული.

როგორც ვეტმოს ინსტაგრამ სთორიდან ვიგებთ, მაისური გაყიდვაში გუშინ, 27 იანვარს ჩაეშვა და ონლაინ მაღაზიაში მისი ღირებულება 491,67 გირვანქა სტერლინგია [1724 ლარი].

მაისურს წინა მხარეს, გულთან, 7-ქიმიანი ბორჯღალი აქვს, ზურგზე კი — კმარა და მისი ლოგო, მუშტია გამოსახული.

კმარა 2001 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულმა სტუდენტურმა ჯგუფმა შექმნა, რომელიც კორუფციას და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობას აპროტესტებდა. მოძრაობამ დიდი როლი შეასრულა 2003 წლის ვარდების რევოლუციაში.

7-სხივიანი ბორჯღალი ძველქართულ მითოლოგიაში მზის სიმბოლოდ მიიჩნევა, რომლის 7 ქიმიც შვიდ მნათობს გამოხატავს.