ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ოფიციალური წერილით მიმართავენ "ცალსახად უარყოფითად" შეაფასონ მსოფლიო პატრიარქის ქმედება უკრაინაშიც და 2016 წლის კრეტის კრებაზეც. შესაბამის განცხადებას ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

წერილში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელთა შორის ბზარი მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა განჩინება ავტოკეფალიის შესახებ:

"ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს განჩინება პირობას უქმნის უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას... მსოფლიო პატრიარქის მიერ აღიარებულ ეკლესიას ავტოკეფალური ეწოდება, დღეს ამ ეკლესიას ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. ამასთან, მომავალშიც, თუკი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებები გაიზრდება, მსოფლიო პატრიარქის განჩინებიდან გამომდინარე, ორივე ეკლესია დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სინამდვილე კი ისაა, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს, ქმნის მონასტრებს თავის დაქვემდებარებაში და ასევე თავის დაქვემდებარებაში გადაჰყავს უკრაინელი მრევლი ამერიკაში, კანადასა თუ სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, უფსკრული გააჩინა მართლმადიდებლობის წიაღში".

უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინში

6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.

კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — აღნიშნა მან.

თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა.

ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა". მწუხარება სიხარულად გადაიქცა, მაგრამ მხოლოდ უკრაინისთვის. ავტოკეფალია ოფიციალურად გაფორმდა, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ისევ სდუმს.

როგორც სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ აღნიშნა, ამ საკითხზე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ. თუმცა, სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. ახალქალაქისა და კუმორდის მიტროპოლიტმა კი პროცესების გაწელვის მიზეზად ის დაასახელა, რომ ჯერ ტომოსი არ წაუკითხავთ. სწორედ ამიტომ, აქტივისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოში ორენოვანი ტომოსი მიიტანა.

უკრაინას უკვე მიულოცა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ, თუმცა საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს მსგავსად თავს იკავებს. მათი თქმით, არასწორი იქნება უკრაინის ავტოკეფალიაზე აზრის დაფიქსირება საპატრიარქოს პოზიციას დაასწრონ. ამ აზრს არ ეთანხმება მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საპირწონედ უკრაინას ავტოკეფალია უკვე მიულოცა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ და ქართველ მუსლიმთა კავშირმა. ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმთავარმა. მათ შორის არიან შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე.