ორი წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ნათესავმა კაცმა დაკბინა. გადაცემა P.S.-ის ინფორმაციით, ბავშვს ნაკბენები ჰქონდა სხეულზე, მათ შორის გენიტალიებზეც. როგორც სიუჟეტის ავტორი, გიორგი გვიშიანი ამბობს, ბავშვი გართულებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიზეზი კი შეშუპებული გენიტალიები და შარდის შეკავების პრობლემა გახდა. შემთხვევა ძველით ახალ წელს, 14 იანვარს მოხდა.

როგორც ტელეკომპანია ამბობს, დედა თავიდან ყვებოდა, რომ ბიჭი მისმა ტყუპისცალმა დამ დაკბინა, თუმცა ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ ნაკბენები ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ კი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ნაკბენები ჭარბი სიყვარულის გამოხატვის შედეგი იყო, რადგან ნათესავი კაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

გადაუდებელი დახმარებისა და ტექნოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, ოთარ რუსაძე რუსთავი 2-თან ყვება, რომ ბავშვზე ძალადობის ეჭვი გაუჩნდათ, რის გამოც საქმე პოლიციას გადასცეს.

"მოფერება, მოფერებას გააჩნია. ეს არ იყო ერთი დაზიანება, არ იყო ერთი სილურჯე, იყო მრავლობითი ჰემატომა", — ამბობს რუსაძე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ბრალდებული ნათესავი კაცი დააკავეს. თუმცა რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

გარდა ამისა, დაზარალებული ბავშვის დედამ პოლიციიდან საჩივარი უკან გამოიტანა. დედა ყვება, რომ მისი შვილზე ძალადობაში ბრალდებულს კარგად იცნობს და "მსგავს" რამეში შემჩნეული არასდროს ყოფილა.

"როგორც ოჯახის მამა, კარგად ვიცნობ მის ოჯახს, შვილებზე გადამკვდარი მამა, ალალი შრომით ცხოვრობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ ადამიანს აღარ ვუჩივი, რომ ვიცი, რომ ეს მანიაკურ საქციელად ვერ აღვიქვი", — ყვება დაზარალებულის დედა.

სიუჟეტის თანახმად, აღნიშნული შემთხვევა სოციალური სამსახურისთვის ცნობილია და ბავშვებსა და მის დედმამიშვილებს ოჯახის წევრებისგან საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ნათესავი კაცის ქმედებას ძალადობად აფასებენ.

"მსგავსი ქმედება, რაზეც ვსაუბრობთ და სხვა ქმედებები, რომელიც ბავშვის შეურაცხმყოფელია, რომელიც ბავშვის ღირსებას ეხება, რა თქმა უნდა, მოიაზრება, როგორც ძალადობა და არაფრით არ შეიძლება დავაბრალოთ, რომ ზედმეტი სიყვარულისგან ადამიანმა მსგავსი ქმედება ჩაიდინა", — ამბობს ტელეკომპანიასთან სოციალური სამსახურის წარმომადგენელი, მარი წერეთელი.