მარიო ვარგას ლიოსა ლათინოამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის სექტემბერში თბილისს ეწვევა და იმისთვის, რომ მომზადებულები დავხვდეთ, გთავაზობთ ხუთ ფაქტს, რომელიც მის ლიტერატურულ მოღვაწეობასა და პოლიტიკურ კარიერაზე შეგიქმნით წარმოდგენას.

1. მისი რომანები ინდივიდის ბრძოლაზე მოგვითხრობს

მარიო ვარგას ლიოსამ 2010 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში. ნობელის პრემიის კომიტეტმა ის სხვა კანდიდატებისგან "ძალაუფლების სტრუქტურების დეტალური აღწერისა და ინდივიდის წინააღმდეგობის, ამბოხისა და მარცხის ჩვენების" გამო გამოარჩია. ლიოსა საკუთარ წიგნებში ლათინოამერიკულ საზოგადეობას როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე იკვლევს.

2. ის წლების წინ ფიდელ კასტროს გულმხურვალე მხარდამჭერი იყო

ვარგას ლიოსა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ფიდელ კასტროთი აღფრთოვანებული იყო, თუმცა წლების განმავლობაში კუბის რევოლუციაზე აზრი შეიცვალა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კასტრომ 1971 წელს პოეტი ჰერბერტო პადილია დააპატიმრა. წლების განმავლობაში მისი მოსაზრებები პოლიტიკურ მოწყობაზე უფრო და უფრო მარჯვნივ გადაიხარა.

3. მას პერუს პრეზიდენტობა ჰქონდა გადაწყვეტილი

მარიო ვარგას ლიოსა პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური იყო. მისი რამდენიმე წიგნი ძალაუფლებასთან დაკავშირებულ თემებს ეხება და რეალური პოლიტიკური ფიგურების შეფარულ, თუმცა საკმაოდ მწვავე კრიტიკას შეიცავს. 1990 წელს მწერალმა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მეორე ტურში პერუს მომავალ დიქტატორთან, ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა.

4. მასა და კიანუ რივზს ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ხელის ჩამორთმევა აშორებთ

1977 წელს ვარგას ლიოსამ დეიდა ხულია და სცენარისტი გამოაქვეყნა, რომელიც 1990 წელს გადაღებულ კომედიას Tune in Tomorrow დაედო საფუძვლად. ფილმში მთავარ როლებს ბარბარა ჰერში და კიანუ რივზი ასრულებენ.

5. მან ერთხელ გაბრიელ გარსია მარკესს სახეში დაარტყა

1976 წელს მეხიკოში, Palacio de Bellas Artes-ის ეზოში ლიოსამ მარკესს დაარტყა. ერთ დროს ნობელიანტები მეგობრობდნენ, თუმცა ამ ინციდენტის მერე მათ ერთმანეთისთვის ხმა აღარ გაუციათ. არც ერთ მათგანს არ განუმარტავს, რა გახდა უთანხმოების მიზეზი, თუმცა გავრცელებული აზრის თანახმად, საქმე ვარგა ლიოსას ცოლს, პატრიციას ეხებოდა.