თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლის ლევან მურუსიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვთ, თუმცა სასამართლო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა კონსტიტუციაში არ ჯდება.

"2012 წლიდან ქართულმა ოცნებამ განახორციელა ბევრი ისეთი საკანონმდებლო ცვლილება და დააგვირგვინა კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც მოსამართლეებს მისცა ძალიან დიდი გარანტიები. არ ვეთანხმები, რომ ეს წაღმა დატრიალებული ბორბალი უკუღმა დატრიალდეს", — განაცხადა მურუსიძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ.

დღეს, 27 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ნაწილი სასამართლო სისტემაში რეალური ცვლილებების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სისტემიდან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მურუსიძის უვადოდ დამნიშვნელი წევრების წასვლაა.

პროტესტის ადგილად რედისონ ბლი ივერია შეირჩა, სადაც იმავე დროს იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებზე იმუშავებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროტესტის ნიშნად თქვა უარი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვაზე.

შეხვედრის წინ ლევან მურუსიძის გამოჩენას აქციის მონაწილეები შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ.

ამავე თემაზე: