თბილისის მერიის განცხადებით, სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. შეზღუდვა 27 იანვარს, 9 საათიდან ამოქმედდება. დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

#51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.