მმართველი პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელია თქმით, გუნდმა კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში მეორე დღეა მსჯელობენ.

როგორც დეპუტატი ამბობს, პარლამენტში მოსამართლეების არჩევის სრული პროცესი პარლამენტში უნდა გადავიდეს, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კონსტიტუციურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხება. მისივე განმარტებით, საბჭო წარმოადგენს მოსამართლეთა სიას, მაგრამ როგორ სიას ეს "პრინციპული საკითხია".

ბესელიას თქმით, საბჭოს მიმართ არსებობს ბევრი კრიტიკული კითხვა და ამიტომ სჯობს ეს მანდატი პარლამენტს გადაეცეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში შეჯერებული პოზიცია არ არსებობს და მსჯელობა გრძელდება.

რაც შეეხება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებს, ბესელია ამბობს, რომ პირველ რიგში საბჭომ იმაზე მეტი კანდიდატი უნდა წარადგინოს, ვიდრე ვაკანტური ადგილია. მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საქმეები და სტრასბურგის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოსამართლეების არჩევის გამომრიცხავი ფაქტორი უნდა იყოს.

როგორც დეპუტატი ამბობს, მოსამართლეების კანდიდატი იუსტიციის საბჭოში ღია კონკურსის წესით შეირჩევიან.

"დასახელდება ყველა, ვისაც სურს, რომ დასახელდეს. მთავარია აკმაყოფილებდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის ადვოკატებსაც, სამეცნიერო წრეებსაც თავისი კანდიდატის დასახელება უნდა შეეძლოთ", — აღნიშნავს დეპუტატი.