გარემოს დაცვა თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების შექმნა და განვითარება, რომელიც დაგვეხმარება მარტივად და ეფექტურად ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე. ამოცანა საკმაოდ რთულია და ამიტომ, მნიშვნელოვანია მის გადაწყვეტაში ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულნი.

თუ თქვენ გაქვთ იდეები და მათი განხორციელება გსურთ, მაშინ ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლიც პროექტს უნდა მიადევნოთ თვალი. ვისოლ ჯგუფი და ილიაუნი ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით სტუდენტურ კონკურსს აცხადებენ. ეს კონკურსი შესაძლებლობას გაძლევთ, საქართველოში ორი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემის მოსაგვარებლად, ეფექტური გზა მოიფიქროთ.

#იზრუნე ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტური კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

თუ პროექტში ჩაერთვებით და თქვენს იდეებს წარმოადგენთ, ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით ინსპირირებულ იდეებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური. მის შემადგენლობაში შედიან როგორც ვისოლ ჯგუფისა და ილიაუნის წარმომადგენლები, ისე სახელმწიფოსა და არასამთავრობოების.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი TCO გამართავენ შეხვედრების სერიასა და ვორკშოპებს ფინალისტებისთვის და მოამზადებენ მათ ფინალისთვის.

"მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი იწყება. დღეს საქართველოში ეკოლოგია განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს და ეს პროექტი იქნება ნამდვილად მნიშვნელოვანი ამ ნაწილში. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რომ კონკურსს ღირსეული გამარჯვებული გახდეს, რომელსაც ვისოლ ჯგუფი მისცემს ყველანაირ შესაძლებლობას, რომ მისი იდეა პრაქტიკაში განხორციელდეს", - თქვა ვასილ ხორავამ, ვისოლ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა.

გამარჯვებულები იდეის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ კომპანია "ვისოლისგან". დამატებით ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ვისოლ ჯგუფში და საკუთარ იდეას პროფესიონალთა გუნდთან ერთად განახორციელებენ.

"ეს კონკურსი სტუდენტებს საშუალებას მისცემს გარემოს დაცვით პრობლემებთან დაკავშირებით თავის იდეებს ხორცი შეასხან და პრაქტიკაში განახორციელონ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის არა ილიაუნის სტუდენტებსაც. ჩვენ გვექნება საკუთარი პრიზი იმ სტუდენტებისთვის, რომელიც ილიაუნის რჩეული გახდება. ვფიქრობ, რომ ბევრი სტუდენტი ჩაერთვება ამ პროექტში და საბოლოო ჯამში, წარმატებულად ჩატარდება", - თქვა ქეთევან ლაკირბაიამ, ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის მხრივ, კონკურსის მონაწილე ილიაუნელებისთვის აწესებს ნომინაციას "ილიაუნის რჩეული" – ამ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის ავტორი უნივერსიტეტისგან მიიღებს 3000-ლარიან დაფინანსებას.

#იზრუნე 2018 წლის ზაფხულში სტუდენტური ბანაკების სერიით დაიწყო და კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც გაიღრმავეს ცოდნა, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში.