2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბ ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის დღეს ერთ-ერთ დაკავებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა MDMA-ს შემცველი 7 აბი და კლუბ ბასიანზე გაყიდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული 2018 წლის 12 მაისს დააკავეს.

2019 წლის 18 იანვარს ამავე სპეცოპერაციის დღეს დაკავებულ კიდევ 2 პირს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სპეცოპერაცია ბასიანსა და გალერიში

12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს. სამართალდამცავები, რომლებიც სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები აგრესიით გამოირჩეოდნენ მოქალაქეებს არ უხსნიდნენ რა მიზეზით დაატოვებინეს კლუბები და არ აძლევდნენ იქ შესვლის საშუალებას.

სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ჩაატარა.

ამ განცხადებით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირები კლუბებში აიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არცერთი პირი კლუბებში არ დაუკავებიათ. სპეცოპერაციიდან 48 საათის განმავლობაში აქციები იმართებოდა თბილისში.

გაიგეთ მეტი: