კანადელმა ქალმა, ალა ვაგნერმა, თავისი $1,7 მილიონად შეფასებული სახლის გაჩუქება გადაწყვიტა და ამისთვის ესსეების ორიგინალური კონკურსი მოიფიქრა.

წერილმა უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: "რატომ შეცვლიდა თქვენს ცხოვრებას ტბის წინ მდებარე საოცნებო სახლში გადასვლა?"

სახლი კანადის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ქალაქ კალგარის სიახლოვეს. ვაგნერი თავდაპირველად მის გაყიდვას 1,7 მილიონ კანადურ დოლარად გეგმავდა, თუმცა მსურველები არ გამოჩნდნენ. როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, მას საყვარელი ადგილის დატოვება ჯანმრთელობის გამო უწევს.

"ეს სახლი მწერლებისა და მხატვრებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქაურობა ჩემი ოჯახის მოგონებების გამო ძალიან ძვირფასია, ამასთან, ყოველთვის მიყვარდა ტბაში მოგზაური იხვების ყურება, ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და თოვლიანი მთების საოცარი ხედი", - ამბობს ის.

წერილების მიღების ვადა 5 აპრილამდეა. ინგლისურ ენაზე დაწერილი ესსესთან ერთად, მსურველებმა კონკურსში მონაწილეობის საფასური, $25 დოლარი უნდა გადაიხადონ.

საუკეთესო წერილის ავტორს ჟიურის დამოუკიდებელი წევრები გამოაცხადებენ. 500 ფინალისტს კი საჯარო ხმის მიცემით შეარჩევენ.

კონკურსი თითქმის სამი თვე გრძელდება, თუმცა გახანგრძლივდება, თუ წერილს 60 000-ზე მეტი მსურველი არ გაგზავნის. როგორც სახლის პატრონი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმით მაინც მიიღოს სახლზე დაწესებული $1,7 მილიონი. მინიმალური ოდენობის მსურველების შემთხვევაში, ალა ვაგნერი, კონკურსის გაუქმების უფლებას იტოვებს.

და თუ თქვენი კრეატიულობის გჯერათ და 25 დოლარის სანაცვლოდ კონკურსში ჩაბმაც არ გეზარებათ, დაათვალიერეთ თქვენი პოტენციური სახლი, რომელიც ასე გამოიყურება: