სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქციის ნაცვლად კვირას, 27 იანვარს, დღის სამ საათზე ვაკის პარკში გამარჯვების აღსანიშნავი შეკრება გაიმართება. ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვის აქტივისტებმა გააკეთეს.

"უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვაკის პარკში აღარაფერი აშენდება. შევიკრიბოთ ვაკის პარკში, პარტიზანების ბანაკთან და მივულოცოთ ერთმანეთს ეს გამარჯვება, რომელიც თითოეული ჩვენგანის მონაპოვარია", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

"მე ვიცავ ვაკის პარკს", — ამ ლოზუნგით კვირას სპორტის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავდნენ. აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები ამ ფორმით ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის შესაძლო მშენებლობის გაპროტესტება სურდათ.

დღეს, 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ და ინვესტორმა შეთანხმება მიაღწიეს და ვაკის პარკში აღარაფერი აშენდება, ხოლო ინვესტორს ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა შესთავაზეს.

ამავე თემაზე: