გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გადადგომის თაობაზე გორის ადმინისტრაციის უფროსის, თემურ მანველიშვილის განცხადებას ხელი არ მოაწერა. ეს ის თანამშრომელია, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვიანი ვედრო ჩამოამხო.

როგორც მერმა On.ge-სთან საუბრისას განმარტა, მანველიშვილს გადაწყვეტილების შეცვლისთვის 14-დღიანი ვადა აქვს.

"დაწერა განცხადება, მაგრამ არ მიუთითა, რომ დაუყოვნებლით გამათავისუფლეთო. როდესაც [თანამშრომელი] უთითებს დაუყოვნებლივ გამათავისუფლეთ, მაგ შემთხვევაში ვალდებული ვარ, რომ იმ წუთშივე მოვუწერო ხელი", — ამბობს თავზარაშვილი.

კითხვაზე, თავად რატომ არ გაათავისუფლა მანველიშვილი მოქალაქისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის, მერი პასუხობს, რომ მას საყვედური შეეფარდა.

On.ge თავად თემურ მანველიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვიანი ვედრო დაამხო. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა გორის მერიასთან მიტანილი ფუნის და საკენკის დალაგება დაიწყეს. მერიიდან გამოსულმა მანველაშვილმა აქტივისტების მიერ ნაგვისთვის განკუთვნილი ვედრო აიღო მაქარაშვილს თავზე დაამხო და მერიაში შებრუნდა. აქციის მონაწილეები გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ. ისინი აპროტესტებდნენ მერის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელშიც მოსახლეობის დაბომბვა და ომის დაწყება საქართველოს დააბრალა.