ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის სახელით მამაო მიუგზავნეს. ეს არის დათუნაშვილის პირველი კომენტარი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ.

"მამაო მომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, რომ ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიებთან დაკავშირებით მაქვს პრეტენზია", — ამბობს დათუნაშვილი.

ის ამბობს, რომ გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს და სამართლებრივად გააგრძელებს ბრძოლას.

"დროის პროცესია. მე ვიცი, რომ ის დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. სიმართლე იზეიმებს", — აღნიშნავს დათუნაშვილი, რომელიც აქვე დასძენს, რომ ბევრი მიზეზია, რის გამოც გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს, მათ შორის არასწორი, ძალადობრივი მმართველობა და იმ ადამინების დაბლოკვა, ვინც ფედერაციის პრეზიდენტს "თვალში არ მოსდის".

დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. ვიდეომასალის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტში ხელში რაღაც ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამ ფაქტის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.