კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდებული საკვების ახალი სია გამოაქვეყნა, რომელშიც რძის პროდუქტებს ვერსად შეხვდებით.

ბოლოს საკვები რეკომენდაციების სია 2007 წელს განახლდა, ამ სამშაბათს გამოქვეყნებულ სიაზე კი სახელმწიფო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ცვლილებებს დადებითად შეხვდნენ მცენარეული საკვების მხარდამჭერები, თუმცა ახალმა რაციონმა რძის მოყვარულებში უკმაყოფილება გამოიწვია.

სახელმწიფო აღნიშნული რეკომენდაციით საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თუ როგორ უნდა იკვებონ ოპტიმალურად.

საკვები რაციონის წლევანდელ განახლებაში სხვადასხვა კატეგორიის საკვების ჯგუფები და განსაზღვრული პორციები სრულად უგულვებელყოფილია. ახლა კანადის ჯანდაცვის სამინისტრო ჯანსაღი სიდიდის პორციების წარმოსაჩენად უბრალოდ თეფშს იყენებს.

ფოტო: HEALTH CANADA

წლების განმავლობაში აღნიშნული რეკომენდაციები ხშირად კრიტიკის საგანი ხდებოდა, რადგან ადამიანების აზრით სახელმწიფო რეკომენდაციების გაცემისას ხორცისა და რძის პროდუქტების ინდუსტრიების ინტერესებს ითვალისწინებდა.

"ახლა ჩვენი პოზიცია ძალიან ცალსახა იყო, რეკომენდაციების შედგენისას არ გვინდოდა გამოგვეყენებინა არც ერთი წყარო და კვლევა, რომელიც ხორცისა და რძის პროდუქტების ინდუსტრიის მიერ იყო დაფინანსებული", - აცხადებს კანადის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორი ჰესან ჰაჩინსონი.

რძის პროდუქტები კანადასა და სხვა დასავლურ კულტურებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას შემდეგ, რაც 1942 წელს სახელმწიფომ პირველი მსგავსი რეკომენდაციები გამოუშვა, კანადა საკუთარ მოქალაქეებს მუდმივად ურჩევდა, რომ რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები დღეში რამდენჯერმე მიეღოთ.

ამჟამინდელი რეკომენდაციებით კანადა მოსახლეობას ურჩევს, რომ თეფშის ნახევარი ხილითა და ბოსტნეულით გაავსონ, მეოთხედი ცილით, მეორე მეოთხედი კი მარცვლეულითა და მისი პროდუქტებით.

აღსანიშნავია, რომ თეფშის ანალოგია უფრო ინტუიციური და ადვილი აღსაქმელია, ვიდრე კონკრეტული პორციებისა და გრამების სია, ეს ადამიანებს საქმეს უადვილებს.

თეფშის ანალოგია 2011 წელს აშშ-მაც შემოიღო, თუმცა, კანადისგან განსხვავებით, აშშ-ს თეფშის გვერდზე ერთ ჭიქა რძესაც შევხვდებით.

ფოტო: USDA

რეკომენდაციებიდან ამოღებულია შოკოლადის რძე და წვენებიც, ამის მიზეზი ჭარბწონიანობასთან ბრძოლაა. ათწლეულების განმავლობაში მშობლები ბავშვებს სხვადასხვა საშუალებებით დამტკბარ რძეს აძლევდნენ, რათა მათ რძის პროდუქტები მიეღოთ. თუმცა, ახალ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ შაქრის უარყოფითი გავლენა რძისგან მიღებულ დადებით გავლენას აჭარბებს.

კვლევებით ირკვევა, რომ ბავშვების მიერ მიღებული შაქრის დიდი ნაწილის წყარო ტკბილი სასმელებია.

ხორცისა და რძის პროდუქტებზე ნაკლები ყურადღების გამახვილებამ ვეგეტარიანელებისა და ვეგანების კმაყოფილება გამოიწვია, მათ შორისაა დეივიდ ჯენკინსიც, რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტის მეტაბოლიზმისა და დიეტოლოგიის პროფესორია.

"ჩემი აზრით, მცენარეულ საკვებზე გადასვლა სწორი არჩევანია", - აცხადებს ის.

მისი თქმით, ჩვენ ძროხის რძეს, მნიშვნელობის თვალსაზრისით, ხშირად დედის რძის გვერდით ვაყენებთ ხოლმე, რაც არასწორია.

კანადის ფერმერების ჯგუფმა განაცხადა, რომ ახალმი რეკომენდაციები მათ ზიანს მიაყენებს.

"მოსახლეობის რაციონში რძის პროდუქტების შემცირებას მეცნიერული თვალსაზრისით არანაირი საფუძველი არ აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.

2009 წლის შემდეგ კანადაში რძის მოხმარება მუდმივად კლებულობს, რძის მცენარეული ალტერნატივები კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

კანადელების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ რძის პროდუქტები და ხორცი ნაკლებად მოიხმაროს. ამის ძირითადი მიზეზი ეთიკური და გარემოსდაცვითი საკითხებია.